არმაზ ახვლედიანი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას „პასკვილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ დარწმუნებულია, მას პატრიარქი ხელს არ მოაწერს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას „პასკვილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ დარწმუნებულია, მას პატრიარქი ხელს არ მოაწერს.
„ვინ წერს ასეთ პასკვილებს საპატრიარქოში, ვისი შეკვეთით?! ვინ დგას ამ სიბინძურის უკან?!
მჯერა, პატრიარქი ამას ხელს არ მოაწერდა. აბა, გვითხარით, ვისი სახელით და რის ფასად არცხვენთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და აშავებთ ხალხის (მათ შორის ამდენი უსამართლოდ დაკავებული და ნაცემ შეურაცხყოფილი ახალგაზრდის) გულანთებულ, სამართლიან, მტკიცე პროტესტს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!“, – წერს ახვლედიანი სოციალურ ქსელში.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს მოუწოდებს, ამ დაძაბულ დღეებში თითოეულ სიტყვას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სოციალურ ქსელ X-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ ს „სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“.
„ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე; ხშირად მდგომარეობა ისე იძაბება, რომ შეკრება სხვადასხვა საგნის უმისამართო სროლასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე.
ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და, საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული ყოველგვარი განცხადება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული, რომელიც, წესით, თავად უნდა ცდილობდეს ხალხში არსებული პოლარიზაციისა და სიძულვილის განეიტრალებას, რათა მიმდინარე მოვლენებისგან მომავალი თაობის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს, არის უაღრესად შემაშფოთებელი.
ამას ემატება ისიც, რომ ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობენ უცხო ადამიანები სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ წასვლას და შედიან სკოლებში, არღვევენ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს მიმართავენ მოწოდებებით, რაც იწვევს სამართლიან აღშფოთებას, ყოვლად დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.
ინტერნეტში ვრცელდება აგრეთვე ცრუ ინფორმაცია, თითქოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში სწავლა შეწყვეტილია, რასაც თავად აღნიშნული სასწავლო დაწესებულების დირექციაც უარყოფს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში: „სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივად”.
„მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკური აქტორების ან არასრულწლოვანთა მშობლების მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია. ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ბოლო დღეებში ხდება.გთხოვთ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ”, – აღნიშნავს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორი მამუკა თედიაშვილი.
ასევე პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცავების დისკრედიტაციისა და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სასულიერი პირები ქაშვეთის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ ღამე მორიგეობენ და მსგავსი ფაქტები არასდროს დაუფიქსირებიათ.
დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს“, – ნათქვამია განცხადებაში.