ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში, საგანგებო სხდომაზე, დეპუტატებმა რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას კენჭი დღეს უყარეს. 35 დეპუტატიდან, 22 დეპუტატი ხელშეკრულების წინააღმდეგ წავიდა, 2-მა კი თავი შეიკავა.
დღეს დილიდან სოხუმში, პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციონერები, დეპუტატებს კენჭისყრის ჩაგდებისკენ მოუწოდებდნენ. ე.წ პარლამენტის სპიკერის, ლაშა აშუბეს თქმით, დეპუტატებმა ხელშეკრულების რატიფიცირება საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაძაბულობის დასამშვიდებლად და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩასატარებლად უარყვეს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმება ითვალისწინებს, რუსი ინვესტორების 8 წლით გათავისუფლებას საბაჟო გადასახადისგან სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის იმპორტისთვის, ასევე კორპორაციული ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადის გადახდისგან. ამასთან, აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ვალდებულია, ამ ხელშეკრულებით დაფარული და ცალკე რეესტრში შეყვანილი ინვესტორები უზრუნველყოს ენერგეტიკული სიმძლავრეებით და კომუნალურ ქსელებთან და კომუნიკაციებთან მიერთების უპირატესი უფლებით. დოკუმენტის მიხედვით, ინვესტორს უფლება აქვს, ბანკში გირაოს სახით ჩადოს აფხაზეთის მთავრობის მიერ მიწოდებული მიწა.
შეთანხმების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს ადგილობრივ ბიზნესს, რომელიც ვერ გაუწევს კონკურენციას რუსულ ბიზნესს. მათი აზრით, შეთანხმება საფრთხეს უქმნის აფხაზეთის უსაფრთხოებას.