ბოლო რამდენიმე საათია სპეცრაზმი რუსთაველის გამზირისა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე დგას, მომიტინგეები კი ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიას იკავებენ – ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება, დაკავებულია რამდენიმე პირი

უკვე რამდენიმე საათია სპეცდანიშნულების რაზმი რუსთველის გამზირსა და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე დგას.
პერიოდულად აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაა. სპეცრაზმი მათი მიმართულებით ისვრის ე.წ. გაზის კაფსულებს, აქციის მონაწილეები კი აქტიურად იყენებენ პიროტექნიკას. ამასთან, საპოლიციო ძალები პერიოდულად აკავებენ აქციის მონაწილეებს.
დემონსტრანტები ამ დროისთვის კვლავ რუსთაველის გამზირზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ იმყოფებიან.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ ნაგვის ურნებისა და სხვადასხვა კონსტრუქციებისგან აღმართული აქვთ ბარიკადები. აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი რჩება თაბუკაშვილის ქუჩაზეც.
სამართალდამცველებმა დღეს წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ პირველად , დაახლოებით, 19:30 საათის შემდეგ გამოიყენეს. დაახლოებით, 22:00 საათიდან კი სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირის ის პერიმეტრი, სადაც პარლამენტის შენობა მდებარეობს, აქციის მონაწილეებისგან პრაქტიკულად სრულად გაათავისუფლა, სპეცრაზმმა გაწმინდა ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებიც.
მოგვიანებით, თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განმარტა, რომ დღეს მიტინგის მონაწილეთა ნაწილმა “თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო აქცია”, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, თავიდანვე დაეწყოთ დაშლის “ღონისძიება და გამოეყენებინათ პროპორციული ძალა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა – თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე