სპეცრაზმმა დაიწყო აქციის ძალის გამოყენებით დაშლა

2 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მე-5 დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21:45 საათზე, – წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე – დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა.
სპეცრაზმი ხუთიოდე წუთით ადრე დაიძრა თავისუფლების მოედნიდან.
პარალელურად, 9 აპრილის ქუჩაზე მდგარი პოლიციელებიც დაიძრნენ რუსთაველის გამზირისკენ და დაიწყეს ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაკავება.
არაერთი ადამიანი დააკავეს.
პოლიციელები ამოვიდნენ ქვედა ქუჩიდანაც.
„არ დავიშლებით“, – ყვირიან დემონსტრანტები.
რუსთაველის გამზირზე კვლავ ათასობით ადამიანია შეკრებილი.
პარლამენტის წინა ტერიტორია 21:50 საათისთვის უკვე დაიკავეს სპეცრაზმელებმა; ისინი განლაგებულები არიან ქაშვეთის ეკლესიის ჩასასვლელთანაც.
მათ ქაშვეთის ეკლესიის ეზოში მოაქციეს დემონსტრანტთა გარკვეული ჯგუფი.
პოლიციის კორდონი 21:55 საათისთვის ჩადგა ცისფერი გალერეის წინ.
კვლავ მოუწოდებს დემონსტრანტებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში „სპეციალური საშუალებების“ გამოყენებით ემუქრება.
დემონსტრანტების ნაწილი აგრძელებს პიროტექნიკის გამოყენებას.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა 22:10 საათისათვის.
მცირე ხნით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ გააფრთხილა საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომ „კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს“ გაატარებდა, თუკი ისინი არ შეწყვეტენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს.