სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია რამდენიმე წუთია, დაიწყო და სპეცრაზმმა, პარლამენტის შენობის ეზოდან, მათ წინააღმდეგ უკვე წყლის ჭავლი გამოიყენა. ამით, ისინი დემონსტრანტებს შენობასთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი საავტომობილო გზაზე დგას, თუმცა მომიტინგეთა შედარებით მცირე ნაწილი შენობასთან ახლოს, წყლის ჭავლის სიახლოვეს გამოხატავს პროტესტს. რამდენჯერმე გაისროლეს პიროტექნიკაც.
პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩა სრულად აქვთ დაკავებული საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ამასთან, „ქართული ოცნების” მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
1-2 დეკემბერსაც შსს-ს სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი. პოლიცია ისევ ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ დემონსტრანტს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად