“ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს” – საქართველოს ბიზნეს ანალიტიკოსების გაერთიანება

საქართველოს ბიზნეს ანალიტიკოსები/ პროდუქტის მფლობელები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან და გმობენ იმ ძალადობას, რაც დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ამასთან, ემიჯნებიან ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ანალიტიკოსების გაერთიანება სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ჩვენ, საქართველოს ბიზნეს ანალიტიკოსები/ პროდუქტის მფლობელები: ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ჩვენ მტკიცედ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას და კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას მშვიდობიან მოქალაქეებზე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს ადგილი იქ არის, სადაც ადამიანის ღირსება, თავისუფლება და მშვიდობა ყველაზე მთავარი ღირებულებებია! მაშასადამე, საქართველოს ადგილი ევროპაშია!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს ამ დროისთვის 20 ბიზნეს ანალიტიკოსი აწერს, თუმცა სია განახლებადია.