„მსოფლიოში საშუალო ტემპერატურა 1.5 გრადუსით არის მომატებული, საქართველოში კი 2-მდეა ასული“ – ნინო ჩხობაძე

„მსოფლიოში საშუალო ტემპერატურა 1.5 გრადუსით არის მომატებული, საქართველოში კი 2-მდეა ასული,“ – როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა, საქართველოში სწორედ ისეთი ტემპერატურებია, როგორც კლიმატის ცვლილებისთვის არის დამახასიათებელი.
„კლიმატის ცვლილებისთვის დამახასიათებელია, რომ ზაფხულში მაღალი ტემპერატურა დაიჭიროს, ზამთარში კი – დაბალი. სწორედ ეს ხდება ახლაც, რადგან ამ პერიოდისთვის საკმაოდ სიცივეებია უკვე. მსოფლიოში საშუალო ტემპერატურა 1.5 გრადუსით არის მომატებული, საქართველოში 2-მდეა ასული, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში 3 გრადუსამდეც კი.
გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება იმ ქვეყნებსაც კი უჭირთ, სადაც გამართული სისტემაა და ჩვენთან შედარებით გაცილებით ნაკლები პრობლემები აქვთ. ამისი მაგალითია ესპანეთის ბოლოდროინდელი წყალდიდობა, სადაც ვერ ხსნიან რა მოხდა და რატომ მოხდა.
ჩვენ ვიცით, რომ გვექნება უფრო მეტი ქარიშხლები და ქარბორბალები.
საქმე იქამდე მიდის, რომ ადამიანს სწორად ვერ გავაფრთხილებთ მალე, დილით რა ჩაიცვას, რომ ამინდის პროგნოზმა გაამართლოს.
ამის მიზეზი ის, რომ არ გვაქვს ჩვენი სატელიტური სისტემა, საიდანაც პირდაპირ მივიღებთ ინფორმაციას. ამ პრობლემაში ფული თუ არ დაიხარჯა, დაგვემართება ის, რაც დღეს ბევრ ქვეყანას ემართება,“ – განაცხადა ჩხობაძემ.