სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სანდო და ერთგულ პარტნიორებთან ერთად – ირაკლი ალასანია

სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სანდო და ერთგულ პარტნიორებთან ერთად – ირაკლი ალასანია
“სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სანდო და ერთგულ პარტნიორებთან ერთად და არა მათთან ურთიერთობის გაწყვეტით,” – ამაის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მის პოლიტიკურ შეფასებებს ბოლო დღეების მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე, ავრცელებს.
“კომერსანტი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ათი წლის წინ გავაკეთე მკაფიო პოლიტიკური შეფასება ქვეყნის საგარეო კურსის საფრთხეში ყოფნის შესახებ, რომელიც მაშინ ასე საყოველთაოდ თვალსაჩინო არ იყო, როგორი აქტუალურობაც შეიძინა დღეს. რვა წლის წინ დავტოვე პოლიტიკა და ვცდილობ არ ჩავერიო პოლიტიკურ პროცესებში, თავს ვარიდებ საჯარო განცხადებებს. ვინც მიცნობთ, იცით, მთელი შეგნებული ცხოვრება სუფთა ხელებით ვემსახურე სახელმწიფოს ომშიც და მშვიდობიან დროსაც. ჩემი წვლილი შევიტანე განვითარებული ევროპული სახელმწიფოების გვერდით საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში. გამოცხადებულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ ევროპასთან მოლაპარაკების შეჩერების შესახებ და ახალგაზრდების და სამართლიანი პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ არაადამიანურმა ძალადობამ, რასაც პროცესები შეუქცევადი, უარესი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს, მაიძულა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი პოზიცია: ხალხის ხმის ძალადობრივი ჩახშობა მიუღებელია. ბრძოლა ევროპული მომავლისთვის არა მხოლოდ ერთადერთი პრაგმატული გზაა, არამედ მორალურიც იმ ათასობით ღირსეული მოქალაქის ხსოვნის ერთგულებისთვის, ვინც სიცოცხლე შეწირა საქართველოს თავისუფლებას, მათ წინაშე ვალდებული ვართ დავიცვათ ხალხის ნება და ქვეყნის განვითარების გზა. სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ სანდო და ერთგულ პარტნიორებთან ერთად და არა მათთან ურთიერთობის გაწყვეტით, სამოქალაქო დაპირისპირების არიდება შეიძლება მხოლოდ ხალხის ხმის გაგონებით და არა ხალხთან ძალადობრივი დაპირისპირებით. დღეს მთელ მსოფლიოში იგრძნობა პოლიტიკური დაძაბულობა. ვისურვებ, გონიერებით, მტკიცე რწმენით და სიფრთხილით გაიაროს ჩვენმა ქვეყანამ გზა თავისუფლებისკენ. გამარჯვება საქართველოს.” – წერს ნათია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანიას სახელით, რადგან თავად ის სოციალური ქსელში არ არის.
ცნობისვის, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო თავის საქმეს მაინც გააგრძელებს, რაც არ უნდა მოხდეს, ევროკავშირმა კი მოლაპარაკებები უნდა ახლა გახსნას, უნდა – მოგვიანებით.
საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვისაც. იგივე პოზიცია აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსაც, რომლებიც საჯარო განცხადებით გაემიჯნენ “კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას”. ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სვლის გაგრძელების მოთხოვნას შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ანტიდასავლურ კურსს გაემიჯნა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების ნაწილიც.