დასანანია, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მიდის და უნდა გადააბაროს ხელისუფლება, ასეთ განცხადებას აკეთებს და მომავალ ადმინისტრაციას უქმნის გარკვეულ პოზიციას, რომელიც შეიძლება არ იყოს სახარბიელო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების სურვილისა, წლების განმავლობაში აშშ-თან თანამშრომლობა პასიური იყო.
„ვფიქრობ დასანანია. მაშინ, როდესაც ადმინისტრაცია ძალაუფლების გადაცემის პროცესშია, ასეთი სახით გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს, ვინაიდან, ეს მომავალ პრეზიდენტს უქმნის გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც ამ დროს, როდესაც ადმინისტრაცია არის გარდამავალ პერიოდში, არ ხდებოდეს.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სტრატეგიულმა პარტნიორობამ ვერ შეიძინა ის შინაარსი, რომელიც ჩვენ გვინდოდა რომ შეეძინა. სტრატეგიული პარტნიორობის ჩანაფიქრში იყო მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები და ა.შ. სწორედ ამის ნაწილი უნდა ყოფილიყო ჩვენი წარმოდგენით, რაც იქნებოდა პრაქტიკაში განხორციელებული სტრატეგიული პარტნიორობის ცალკეული ინსტრუმენტები, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავდით. მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობით გათვალისწინებული საბჭო ბოლო 6 თუ 5 წელია არც კი შეკრებილა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა სურვილი, რომ უფრო აქტიური ყოფილიყო ამ მხრივ თანამშრობლობა. სამწუხაროდ პასიური იყო ეს თანამშრომლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
