საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არალეგიტიმურია. არჩევნები, რომლის შედეგადაც ეს პარლამენტი და მთავრობა მივიღეთ, არ არის ლეგიტიმური. ის არავის არ აღიარა. პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობამ არ აღიარა, ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა არ აღიარეს. პარლამენტი არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შესულა. ასე რომ, ეს არის ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვიულმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ლეგიტიმურია.
„შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის აქამდე არ უღიარებია ჩვენს დასავლელ დემოკრატიულ პარტნიორებს. ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები არ არის არც თავისუფალი და არც სამართლიანი და ითხოვენ ახალ არჩევნებს, როგორც ჩვენ ვითხოვთ აქ – ახალ არჩევნებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ქვეყანაში მთელი საჯარო სამსახური იშლება, რადგან ხალხი არ ეთანხმება არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ქვეყანა არალეგიტიმური მიმართულებით წაიყვანოს.
„ერთადერთი, ვინც აღიარებს, ამტკიცებს და ულოცავს მათ, არის რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის პარლამენტი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე: „არის გარკვეული პარალელები იმასთან, რაც ახლა ხდება საქართველოში და რაც უკრაინაში ხდებოდა 11 წლის წინ „ევრომაიდანის“ საპროტესტო აქციებზე, ხედავთ რაიმე კავშირებს?“ – პრეზიდენტმა უპასუხა: „ვფიქრობ, ძალიან განსხვავებულია, რადგან ქართველები უკრაინელები არ არიან“.
„ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო, რადგან ძირითადად ერთი და იგივე მტერს ვუპირისპირდით. მაგრამ ყველაფერი ძალიან განსხვავებულია, რადგან ქართული ხასიათი ძალიან განსხვავებულია და სახელმწიფო ინსტიტუტების დაშლა, რომლის მოწმენიც ვართ ახლა, მათ შორის ეკლესიაში, სადაც განსხვავებული ხმები გვესმის, რაც არასდროს გაგვიგონია, ძალიან განსაკუთრებულია. ჯერ საქართველოშიც არ გვინახავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.