„შატო ვარციხე“ საჯარო სამსახურებთან თანამშრომლობას წყვეტს იქამდე, ვიდრე ქვეყანა ევრო-ატლანტიკურ ვექტორზე არ დაბრუნდება – განცხადება მენეჯმენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, „შატო ვარციხე“ წყვეტს საჯარო სამსახურებთან თანამშრომლობას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ვექტორზე დაბრუნებამდე“, -ვკითხულობთ „შატო ვარციხეს“ განცხადებაში.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა.
პროტესტის ნიშნად, დაიხურა რამდენიმე რესტორანი. სტუმარმასპინძლობის ზოგიერთმა ობიექტმა თანამშრომლობა შეწყვიტა საჯარო სამსახურებთან.
სკოლებსა და უნივერსიტეტებში გაკვეთილებისა და ლექციების ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა და ლექტორმა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას აკეთებენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/bl_w_h-gHGP3O-300x169.jpeg)