– აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან სამართალდამცველების მითითებებს და განაგრძობენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, იძულებული გახდება, გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა სპეციალური საშუალება და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა.
“აქციის მონაწილეებს, სრული შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროტესტი გამოეხატათ მშვიდ ვითარებაში, თუმცა საზოგადოება სხვადასხვა სატელევიზიო ეთერების საშუალებით ნათლად ხედავს, რომ შეკრებილები მასიურად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმართულებით ისროლეს პიროტექნიკა. გარდა ამისა, ქვებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით დააზიანეს პარლამენტის წინა და გვერდით ფასადზე განთავსებულ სამუშაო ოთახების ფანჯრები. ასევე, საკანონმდებლო ორგანოში ისროლეს ცეცხლმოკიდებული ნივთები რის შედეგად პარლამენტის შენობის რამდენიმე ოთახში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის დამცავი ჯებირები, პერიოდულად ცდილობენ პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრის დაზიანებას და ეზოში შეჭრას. მოძალადე ჯგუფებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა საგნის გამოყენებით ხელოვნური ბარიერები აღმართეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება დააზიანეს.
ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დღეს მიმდინარე აქციაზე დამწვრობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის თითოეულ მონაწილეს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების კანონიერ მითითებებს.
იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან სამართალდამცველების მითითებებს და განაგრძობენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, გააგრძელებენ პარლამენტის შენობის დაზიანებას, ცეცხლის წაკიდებას და სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდება გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა სპეციალური საშუალება და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა