ექს პრემიერის სასახლე – მცხეთაში 1 კვ.მ. მიწა – 60 თეთრად – ვის და რა ფასად უთმობენ სახელმწიფო მიწებს? – მედია

ტვ პირველის ცნობით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის, მამუკა ბახტაძის ოჯახი მცხეთაში, ოთხ სართულიან სასახლეს იშენებს.
ირკვევა, რომ ბახტაძეების მშენებარე რეზიდენცია, მცხეთის ყველაზე მაღალი წერტილის, ყველაზე მაღალი შენობაა, ბოლო სართული კი უფრო მაღლაა ვიდრე ჯვრის მონასტერი. ამ მშენებარე სასახლის ოფიციალური მფლობელი, ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის ძმაა, თუმცა “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, უზარმაზარი ნაგებობა, პოსტიდან წასული მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის შენდება.
ბახტაძის ახალი, ოთხსართულიანი სასახლე უკვე 12 მეტრის სიმაღლისაა, ბოლო, მეხუთე სართული სავარაუდოდ ღია ვერანდას დაეთმობა. სასახლის ასაშენებლად, მოჭრეს მთის ბორცვი.
როგორ აღმოჩნდა ეს ფართობი, სატახტო ქალაქში ექს პრემიერის ოჯახის ხელში?
· 610 და 199 კვადრატული მეტრი ფართობის 2 მიწის ნაკვეთი პრემიერის ძმამ 2016 წელს დაიკანონა. საჯარო რეესტრში დაცული, კანონიერი ძალის მქონე დოკუმენტების გაცნობის შედეგად დგინდება, რომ 2016 წლამდე აღნიშნულ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს კუთვნილება იყო.
იყო თუ არა მიწების დაკანონების პროცესში, გადამწყვეტი მამუკა ბახტაძის ჩარევა და გავლენები?! როგორ მოახერხა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმამ ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქში, სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიის საკუთარ სახელზე გაფორმება?! – ამ კითხვებს მცხეთის მერია არ პასუხობს.
იმ 2 მიწის ნაკვეთის გარდა, სადაც ახლა ექს პრემიერის ოჯახის სასახლე შენდება, ბახტაძეებს, სახელმწიფომ დამატებით, მიწის კიდევ უფრო დიდი ფართობიც გადასცა. სასახლეს სჭირდებოდა ეზო, ქონების მართვის სააგენტომ მცხეთის მთის ბორცვის ნაწილი მამუკა ბახტაძის ძმას 35 წლით გადასცა. ქონების მართვის სააგენტოს, რატომღაც სწორედ მაშინ მოუნდა მიწის იჯარით გაცემა, როდესაც ბახტაძემ სასახლის მშენებლობა გადაწყვიტა. იჯარით გასაცემად კი სწორედ ის ნაკვეთი გამოიტანა, რომელიც ამ ახლადაშენებულ სასახლეს ემიჯნებოდა.
დოკუმენტების მიხედვით, ოთხ სართულიანი სასახლე დგას მიწაზე, რომელიც მიწის აღიარების კომისიამ, ბახტაძის ძმას გაუფორმა. ეზო, რომელიც აღარ რჩებოდა, ბახტაძეებს აუქციონის დახმარებით გადასცეს. 1590 კვადრატული ტერიტორია ექს პრემიერის ძმას სახელმწიფომ 35 წლით ათხოვა.
2021 წელს როდესაც პრემიერი უკვე იყო, ქონების მართვის სააგენტომ, სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ექს პრემიერის ძმას წელიწადში 13 ათას ლარად გადასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ მცხეთაში, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტერიტორიაზე, კვადრატულ მეტრში, ექსპრემიერი, თვეში დაახლოებით 60 თეთრს გადაიხდის.