ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა, დავით სოლომონიამ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა – ამის შესახებ “tv პირველი” იუწყება. მედიასაშუალება თავის მოპოვებულ წერილზე დაყრდნობით წერს, რომ , ყოფილი ელჩი გმობს ნებისმიერ ძალადობას და ტოვება ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას.
“საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას.
დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა. მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა.
ვგმობ ნებისმიერი ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას”, – ნათქვამია “პირველების” მოპოვებულ დოკუმენტში.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასობით თანამშრომელმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროების ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა.
სპექტაკლები და წარმოდგენები გადადეს თეატრებმა.
