დაპატიმრებულია მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, ფიზიკურად გაუსწორდნენ დასის სხვა წევრებს – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი

„დაპატიმრებულია ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი,” – ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი იუწყება. თეატრის მენეჯმენტის განმარტებით, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ დასის სხვა წევრებს და უამრავ ახალგაზრდას, რომელიც ასევე ჩვენი უცვლელი მაყურებელია.
“თეატრის უმთავრესი დანიშნულებაა, ზუსტად გრძნობდეს საკუთარი ქვეყნის პულსაციას და იდგეს თავისი მაყურებლის გვერდით, თეატრის კედლებში და მის გარეთ. ვისთვისაც ჩვენ ვშრომობთ, ის ხალხი ახლა ქუჩებში დგას და იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.ამიტომ ჩვენ ვაჩერებთ ჩვენს რეპერტუარს და ვიმოქმედებთ ქვეყანაში მოვლენების და პროცესების განვითარების მიხედვით,” – იუწყება თეატრალური დასისი ხელმძღვანელობა და მაყურებელს მოუწიდებს დააბრუნონ ბილეთები, ამ დისკომფორტისთვის კი ბოდიშს იხდიან.
“ძვირფასო მაყურებელო! დიდ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. თქვენი შეძენილი ბილეთები სპექტაკლებზე:30 ნოემბერი „მეფე ლირი”1-2 დეკემბერი „შეყრა”3-4 დეკემბერი „გაყრა”5-6 დეკემბერი „მე გადმოვცურავ ზღვას” -შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt.ge ან დაელოდოთ ახალი თარიღების გამოცხადებას”, – წერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სპექტაკლები გადადო ოპერისა და ბალეტის თეატრმაც.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროების ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა.