პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება ისევ დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ამ დროისთვის ჭიჭინაძის ქუჩა მთლიანად სამართალდამცველებმა დაიკავეს.
შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.