„ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოში ძაღლს ერქმევა Собака და თუ ევროკავშირში მოლაპარაკებები გაიხსნება, ძაღლს ერქმევა Dog – გარწმუნებთ, ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი!“ – ირაკლი კობახიძე
არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოში ძაღლს ერქმევა Собака, ასევე, არიან ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ თუ ევროკავშირში მოლაპარაკებები გაიხსნება, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა Dog ან რაიმე ამდაგვარი – გარწმუნებთ, ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე და ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ადამიანი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების საზრუნავი უპირველესად, სამშობლოა და სამთავრობო პროგრამის შინაარსიც სწორედ ესაა.
„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მაგალითად, თუ მივიღებთ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, მეორე დილით ვიღვიძებთ ჩელიაბინსკში – ასეთი საოცარი თეზისი არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ მივიღებთ ამ კანონს, საქართველოში ძაღლს ერქმევა Собака, იგივე მიმართულებით, არიან ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ თუ ევროკავშირში მოლაპარაკებები გაიხსნება, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში. არა თბილისში, საქართველოში, არამედ გავიღვიძებთ ბრიუსელში და ძაღლს ერქმევა არა ძაღლი, არამედ, მაგალითად, Dog ან რაიმე ამდაგვარი. რაც არ უნდა მოხდეს, გარწმუნებთ, რომ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში, ვიზრუნებთ ამ ქვეყანაზე. ამ ქვეყანაში ძაღლს ერქმევა ძაღლი, ადამიანს ადამიანი, ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და ამ სახელმწიფოს ერქმევა სახელმწიფო. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი საზრუნავი, პირველ რიგში, არის ჩვენი ქვეყანა, სამშობლო, საქართველო და პროგრამას, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, სწორედ ეს შინაარსი აქვს – ზრუნვა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე“,- განაცხადა კობახიძემ.