ჩრდილოეთ ევროპის, ბალტიის სახელმწიფოები და პოლონეთი აცხადებენ, რომ უკრაინას გაუზრდიან სამხედრო დახმარებას, მათ შორის საბრძოლო მასალებით, რათა გააძლიერონ მისი შეკავებისა და თავდაცვის უნარი ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ.
დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ნორვეგიის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერებმა 27 ნოემბერს სტოკჰოლმთან გამართეს შეხვედრა და ასევე განაცხადეს, რომ მზად არიან სანქციების გამკაცრებისთვის რუსეთისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერი ქვეყნების მიმართ. ლიდერებმა მიმდინარე თვეში ბალტიის ზღვის ქვეშ საკომუნიკაციო კაბელების გადაჭრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საკითხიც განიხილეს.
“ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გავაძლიერებთ ჩვენი შეკავების და თავდაცვის, მათ შორის გამძლეობის [შესაძლებლობებს] კონვენციური და ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ და გავაფართოებთ სანქციებს რუსეთის, ასევე მათ მიმართ, ვინც შესაძლებელს ხდის რუსეთის აგრესიას”, – წერენ ლიდერები განცხადებაში.
ლიდერთა შეხვედრის თემა იყო ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, რეგიონული თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და უკრაინის მიმართ ერთიანი პოლიტიკის გატარება. ეს იყო ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის სახელმწიფოთა ლიდერების პირველი შეხვედრა 2017 წლის შემდეგ. პოლონეთმა შეხვედრაში მონაწილეობა პირველად მიიღო.