საინტერესო რამ მოხდა “ორლანდოს” საროტაციო სქემაში, რაც პირდაპირ უკავშირდება გოგა ბითაძეს. 3-კვირიანი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა “მეჯიქის” ძირითადი ცენტრი ვენდელ კარტერი, რომელმაც ჩვეულად სასტარტოში ითამაშა, თუმცა ისე, რომ ხუთეულიდან არ ამოუგდია ქართველი ცენტრი. “ჩიკაგო ბულსთან” ჩვენი დროით დღეს, გამთენიისას გამართულ მატჩში ბითაძეც ხუთეულში იყო და კარტერიც. ქართველმა ცენტრმა 25 წუთი ითამაშა, ამერიკელმა კი – 18. გოგა გაცილებით შედეგიანი იყო კარტერზე, რაც სტატისტიკაშიც გამოიხატა.
“ორლანდოელებმა” ბოლო 11 მატჩიდან მე-10 შეხვედრა მოიგეს და ყველა მატჩში სასტარტოში ბითაძე იყო. გუნდი 11 მოგებითა და
7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობამ დაინახა, რომ როცა ბითაძე სასტარტოა, გუნდი თამაშების 80 პროცენტზე მეტს იგებს. მაშ რატო მოხდა, რომ მიუხედავად კარტერის გამოჯანმრთელებისა, ბითაძე კვლავ სასტარტო იყო, თუმცა – ვენდელ კარტერიც ხუთეულში გააწესეს.
ბითაძე “ჩიკაგოსთან” 133:119 მოგებულ მატჩში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო მოედანზე. გოგამ 4-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 25 წუთში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ბურთი კი ერთხელ დაკარგა. მას ყველაზე მაღალი პლუს-მაჩვენებელი ჰქონდა ორლანდოელთაგან. რაც ქართველი ცენტრი მოედანზე იმყოფებოდა, მეჯიქმა (+21) აჯობა ჩიკაგოს.
ვენდელ კარტერმა 18 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, საუკეთესო შედეგი კი ჯალენ საგსს ჰქონდა – 31 ქულა, 7 პასი.