PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის, გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, საქართველოში, ეკონომიკური გარემო პოლიტიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული, რისი ბოლო მაგალითიც წინასაარჩევნო პერიოდი იყო. ,,საქართველოში პოლიტიკურ სტაბილურობას ეკონომიკურ გარემოზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდი, რომელმაც გვაჩვენა, რომ ეროვნული ვალუტის შესანარჩუნებლად სებ-ს ასეულობით მილიონი დოლარის რეზერვების გაყიდვა მოუწია და მიზანს მაინც ვერ მიაღწია. გრძელვადიანი შიდაპოლიტიკური კრიზისი პირდაპირ დაარტყამს ეკონომიკას და დარტყმები სხვადასხვა მიმართულებით იქნება, შეიძლება ეს იყოს: ეროვნული ვალუტის კურსი, უცხოური ინვესტიციების შემცირება, მნიშვნელოვანი სექტორის განვითარების შეფერხება, მაგალითად უძრავი ქონების სექტორის და ასევე ინფლაცია. ზოგადად, ყველა ქვეყანაში, პოლიტიკური სტაბილურობა ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტია, საქართველოში კი ეს გავლენა კიდევ უფრო მძაფრია“,- თქვა ხიშტოვანმა „კომერსანტის დილასთან“ ინტერვიუში.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის აზრით, თუ წნეხი გაიზრდება, სებ-ი ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებისთვის მზად უნდა იყო.
„პირადად მე, ვვარაუდობდი, რომ ეროვნული ბანკი ლარის კურსის დასაჭერად ყველაფერს გააკეთებდა; ასეც მოხდა. ახლა უკვე მგონია, რომ ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებისთვის მზადაა. ვფიქრობ, წნეხი თუ გაიზრდება, თუ მოქალაქეები მასობრივად გადაწყვეტენ დანაზოგები და ინვესტიციები დოლარში განახორციელონ და არა ლარში, ეროვნულ ბანკს კურსის გაუფასურების მზაობა ექნება. გამოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი შოკის პირობებში, ჩვენი რეზერვები შეზღუდულია. რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ეროვნულ ბანკს 600 მილიონი $-ის გასხვისება მოუწია, რაც მთელი რეზერვების დაახლოებით 13%-ია. მიუხედავად ამისა, ლარი მცირედით მაინც გაუფასურდა, რაც ნიშნავს, რომ ხანგრძლივი შოკის პირობებში, რეზერვები კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საკმარისად აღარ გვექნება. ეს შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ ერთგვარი სიგნალია, რომ ყველა პოლიტიკურ დაძაბულობაზე ამ მასშტაბის აქტივების გაყიდვა სარისკო და სახიფათოა- ამ თამაშის გაგრძელების სურვილი ეროვნულ ბანკს აღარ უნდა ჰქონდეს“- აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.