ასაკობრივი პენსია მომავალ წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული. პროგრამის მიხედვით, 1 იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 450 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია 350 ლარი იქნება. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს, პროგრამის თანახმად, 1-ლი იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია მიაღწევს 420 ლარს.
მომავალი წლების განმავლობაში დაგეგმილია ინდექსაციის მიღმა, ეკონომიკური ზრდის შესაბამისად, პენსიის დამატებით გაზრდა. გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის/„სოციალური პაკეტის“ მიმღებთათვის დანამატის დაფინანსება პენსიის/„სოციალური პაკეტის“ 20 პროცენტის ოდენობით, ასევე დანამატების დაფინანსება სამედიცინო პერსონალისთვის: ექიმისთვის – პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის – პენსიის ერთმაგი ოდენობით.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს) აუნაზღაურდებათ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის (არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ/სთ-ისა) ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტი,“ – აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ასევე იყო გათვალისწინებული პენსიის ზრდა 2025 წლის იანვრიდან, თუმცა შედარებით მცირე ოდენობით. მაგალითისთვის, ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაში 70 წლამდე ასაკობრივი კატეგორიისთვის პენსიის 20 ლარით, 335 ლარამდე გაზრდა იყო ჩადებული. ამასთან, ბიუჯეტის პროექტში გაწერილი იყო, რომ 1-ლი იანვრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 400 ლარს მიიღებდნენ.
რაც შეეხება სხვა ასაკობრივ კატეგორიას, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდებოდა 35 ლარით 450 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს უტოლდებოდა.