კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34-ე ტური გაიმართა. ვნახეთ გატანილი და ვერგატანილი პენალტები, დაძაბული თამაშები, ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი… ჩემპიონი ჯერ არ გამოვლენილა, ცხრილის ქვედა ნაწილშიც ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება.
ტორპედო 2:0 გაგრა
ქუთაისელები მე-13 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, რადგან ნიკა სანდოხაძე გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის: “გაგრას” სახიფათო კონტრშეტევის დროს, როცა გიორგი ხარებაშვილს შეეძლო მეკარესთან პირისპირ გასულიყო, სანდოხაძემ ხელით ითამაშა.
ამის მიუხედავად, “ტორპედომ” გაიმარჯვა. ჯერ პირველი ტაიმის ბოლოს ფელიპე პირესმა გაიტანა პენალტით, 76-ე წუთზე კი ირაკლი ბიძინაშვილმა შორეული დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში. ეს
ბიძინაშვილის პირველი გოლია “ტორპედოს” მაისურით.
ქუთაისელები მეორე ადგილზე არიან და 4 ქულით ჩამორჩებიან “იბერია 1999”-ს. “გაგრა” მეშვიდე პოზიციაზეა.
იბერია 1999 1:1 კოლხეთი 1913
“იბერიას” რომ მოეგო, ჩემპიონი გახდებოდა. საკმაო ხანს იგებდა კიდეც…
თბილისელები გიორგი კოხრეიძის ლამაზად შესრულებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ. ეს კოხრეიძის მე-16 გოლია სეზონში. თუმცა 73-ე წუთზე ფოთელებმა ასევე სტანდარტულიდან გაათანაბრეს: გიორგი ხარებავამ ჩააწოდა და გიორგი ახალაძემ ერთი შეხებით მოახერხა გატანა – 1:1.
მალევე, “იბერია 1999”-მა პენალტი გააფუჭა, კერძოდ, იური ტაბატაძემ მოიპოვა თერთმეტმეტრიანი – არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა. კოხრეიძემ დაარტყა და მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა მოიგერია ბურთი, დამატებაზე კი ტაბატაძემ ახლოდან ააცილა.
“იბერია 1999” 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, “კოლხეთი 1913” კი მერვე ადგილზეა.
თელავი 0:0 სამგურალი
აქაც ვნახეთ გამოუყენებელი პენალტი, რომელიც ასევე VAR-ზე ნახვის შემდეგ დაინიშნა. თელაველთა მცველ სიმაო ჟუნიორს საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა ბურთი. პენალტი “სამგურალის” შემტევმა ლევან კუტალიამ დაარტყა და მეკარე ლევან თანდილაშვილმა მოიგერია ბურთი.
მომენტები ორივე კართან იყო, თუმცა საბოლოოდ – 0:0. “სამგურალი” ბოლო 5 მატჩია არ დამარცხებულა და მეხუთე ადგილზეც გადაინაცვლა, “თელავი” კი მეცხრეზეა.
სამტრედია 0:1 დილა
გორის “დილამ” ზედიზედ მეორედ მოიგო ანგარიშით 1:0 და ორივეჯერ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილით. წინაზე “დინამო თბილისს” აჯობეს, ახლა კი სტუმრად “სამტრედიას”.
კოტრშეტევაზე ოთარ ფარულავამ ითამაშა მშვენივრად, დრიბლინგს ზუსტი პასი მიაყოლა და ირაკლი ბუღრიძემ მაღალ კუთხეში დარტყმით მიითვალა გოლი. ეს ბუღრიძის მეოთხე გოლია სეზონში.
“დილა” მესამე ადგილზეა, “სამტრედია” კი – ბოლოზე. სამტრედიელები 4 ქულით ჩამორჩებიან მეცხრეზე მყოფ “თელავს”.
დინამო თბ 1:2 დინამო ბთ
დინამოების დაპირისპირება ბათუმელებმა მოიგეს. ბათუმელები მეოთხე პოზიციაზე არიან, თბილისელები კი – მეექვსეზე.
საინტერესოა, რომ საქართველოს თასზე თბილისელებმა გამოთიშეს ზღვისპირელები, თუმცა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წლეულს ოთხი დაპირისპირებიდან ერთხელ დაფიქსირდა ფრე, დანარჩენ სამში კი ბათუმელებმა გაიმარჯვეს.
27-ე წუთზე უკვე 0:2 იყო. ჯერ ჯალენ ბლესამ გაიტანა პენალტი, მერე კი 18 წლის ნიკა დუმბაძემ წაართვა ბურთი თბილისელთა მეკარე მიხეილ მაქაცარიას და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. ეს დუმბაძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ნიკოლოზ უგრეხელიძის გოლით შეამცირეს სხვაობა – 1:2.
75-ე წუთზე გუნდებს თითო-თითო ფეხბურთელი გაუძევეს, კერძოდ, ბლესა და გამოცდილი მათე ვაწაძე, ხოლო ბოლოს მეორე გაფრთხილება მიიღო “დინამო თბილისის” გვატემალელმა შემტევმა ოსკარ სანტისმა და მანაც დატოვა მინდორი.
erovnuliliga.ge