სასტუმრო „შატო ვარციხე“ მომავალ წელს ფართოვდება. ამის შესახებ “მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებელმა, დავით ცერცვაძემ BMGTV-ს გაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ობიექტი მომავალ წელს კოტეჯებისა და ამფითეატრის დამატებას გეგმავს, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც დაახლოებით 2 მლნ ლარი იქნება.
„გვაქვს 80 ჰა ფართობის ტერიტორია, სადაც კერძო სახლების ტიპის 40 კოტეჯის ჩადგმას ვგეგმავთ. ზოგადად, რასაც ვაკეთებთ, ყველაფერში იმერული ხასიათია ჩადებული – ინფრასტრუქტურა იქნება, გემოები, პერსონალი თუ სხვა. აქამდე ასე მოვედით და ასეც გავაგრძელებთ. ამ ტერიტორიაზე სოფლის ტიპის კურორტს განვავითარებთ.
სახლებთან ერთად, გვინდა უნივერსალური სადღესასწაულო სივრცის დამატება, ამფითეატრის ტიპის, რაც ხელს შეუწყობს კულტურული ღონისძიებების ჩატარებას. პროექტი უკვე გაკეთებულია და საკმაოდ ლამაზია. ორივე პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარი, შეიძლება ცოტა მეტიც იყო”, – ამბობს ცერცვაძე.
მისივე თქმით, გარდა ამ გეგმებისა, გაზაფხულზე ვარციხეს ლიტერატურული პროექტი, “ვარციხეს პრემია” პირველად უნდა ჩატარდეს. კონკურსი უკვე გამოცხადებულია.
რაც შეეხება შატოს დატვირთულობას, როგორც დავით ცერცვაძე ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტული ობიექტი ქუთაისის აეროპორტიდან 25 წუთში, ხოლო ქალაქის ცენტრიდან 20 წუთში მდებარეობს, სეზონზე მათი ვიზიტორების დაახლოებით 70% უცხოელი, ხოლო დანარჩენი ადგილობრივი სტუმრები არიან. რაც შეეხება არასეზონურ პერიოდს, ამ პერიოდში დატვირთვა პროცენტულად თითქმის თანაბარია.
ინფორმაციისთვის, იმერეთში მდებარე საკურორტო სასტუმრო “შატო ვარციხე” 2 წლის წინ ₾5 მლნ-ის ინვესტიციით გაიხსნა. მისი დამფუძნებლის თქმით, “შატო ვარციხეში” ამ დრომდე დაახლოებით 20 მლნ ლარამდე ინვესტიციაა ჩადებული.