“თუ ადრე კერძო სახლის შეძენა ოცნება იყო, დღეს მსურველს მისი ყიდვა $150 000-დაც შეუძლია” – Sakura Properties

„თუ ადრე კერძო სახლის შეძენა მომხმარებლის ოცნება იყო … დღეს კერძო სახლის შეძენა ადამიანს 150 000 დოლარიდანაც შეუძლია“, – ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო Sakura Properties-ის დამფუძნებელმა, ვიქტორია საკუროვამ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი განმარტებით, ბაზარზე ინფლაციის მიუხედავად, მომხმარებლების მსყიდველუნარიანობა გაზრდილია. ამასთან, მათ მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ, რომ საუკეთესო უძრავი ქონება შეიძინონ. აქედან გამომდინარე, კერძო ტიპის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია.
„ბოლო დროის ტენდენცია არის ის, რომ კერძო სახლების მყიდველების გემოვნება იხვეწება. ეს არის გამოწვეული იმით, რომ ბევრმა დეველოპერმა თუ კომპანიამ დასახლებების მშენებლობა დაიწყო, რის გამოც კონკურენცია გაჩნდა. აქედან გამომდინარე, მყიდველების გემოვნებაც იხვეწება და საუკეთესო ვარიანტს ირჩევენ. ადრე ეს ასე არ იყო, რადგან ქვეყანა ისეთი განვითარებული არ იყო, როგორც ახლაა. იზრდება ფასები, ასევე ხელფასებიც. მსყიდველობითუნარიანობა არის გაზრდილი და მყიდველს შესაძლებლობა აქვს, რომ უკეთესი შეიძინოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბევრი კერძო დეველოპერი მომხმარებელს შიდა განვადებასაც სთავაზობს. შიდა განვადების სერვისი როგორც ბინებზე, ასევე კერძო სახლებსა და მიწებზეც არის ხელმისაწვდომი, რაც მომხმარებელს არჩევანის შესაძლებლობას აძლევს.
თუ ადრე კერძო სახლის შეძენა მომხმარებლის ოცნება იყო, დღეს უკვე გაჩნდა თაუნ ჰაუსების შეთავაზებები, რომელიც ბინის ღირებულებასთან ახლოს, კერძო სახლის შეძენის შესაძლებლობას აჩენს. ასევე, შეგიძლია დაყოფილი მიწის შეძენა, რომელთანაც ყველა კომუნიკაცია არის მიყვანილი. დღეს, კერძო სახლის შეძენა ადამიანს 150 000 დოლარიდანაც შეუძლია. ეს შეიძლება იყოს საგურამოში, დიდი დიღმის გარკვეულ ნაწილში და სხვა. თუმცა კერძო სახლის ღირებულება მისი კლასის, ლოკაციის, ვიზუალის, შიდა ინტერიერიდან გამომდინარე, 6-7 მილიონ დოლარამდეც კი შეიძლება ავიდეს. რა თქმა უნდა, ასეთი სახლების მყიდველებიც არსებობენ, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც 1 მლნ დოლარის ფარგლებში მყიდველების რაოდენობა”, – ამბობს საკუროვა.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ტერიტორიებს, უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებლის ცნობით, ყველაზე დიდი მოთხოვნა დიღომი 7-ზე, დიღომი 8-ზე, წყნეთზე, შინდისსა და წავკისზეა. ასევე, ბოლო წლებში მოთხოვნადი გახდა ლისის მიმდებარე ტერიტორიაც.
მისივე თქმით, კერძო სახლებით ძირითადად ქართველი მომხმარებლები ინტერესდებიან, ხოლო უცხოელები უფრო მრავალბინიან, მშენებარე პროექტებში აკეთებენ არჩევანს, რადგან საინვესტიციოდ ის უფრო საინტერესოა.