იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ხორცპროდუქტებს ბაზარზე არაკონკურენტული უპირატესობა აქვს, – ამის შესახებ კომპანია “ჩირინას” (ბრენდი “ბიუ-ბიუ”) დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ნედლი ხორცპროდუქტების მიმართულების, შეიძლება ითქვას, რომ “ბიუ ბიუ” ბაზრის ლიდერია.
“ზოგადად წელი, რომ შევაფასოთ – ნედლ პროდუქციაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ლიდერები ვართ ბაზარზე, თუმცა გაყიდული პროდუქციის ბაზარზე ამას ვერ ვიტყვით. საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის ბევრი გაყინული პროდუქცია, რომელსაც წყლის მაღალი შემცველობა აქვს. იმპორტირებულ პროდუქციაში 50% წყალია, ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. შესაბამისად, ეს ფასში სხვაობასაც იწვევს და საბოლოოდ იმპორტირებული გაყინული პროდუქცია უფრო იაფი გამოდის, ვიდრე ადგილობრივად წარმოებული”, – აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.
კომპანიის დამფუძნებელი განვლილ წელსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, “ბიუ ბიუს” გაყიდვები, დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა.
“წელს გავფართოვდით და 9 ფილიალი გავხსენით საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მეათე ფილიალს ბათუმში დავამატებთ. ფართის მოძიება ბათუმში არც ისე მარტივი პროცესია და შესაბამისად, დროს მოითხოვს”, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.
რაც შეეხება “ბიუ ბიუ გასტრონომს”, ის კომპანია “ჩირინას” ბაზაზე 2023 წელს გაიხსნა.
bp.ge