ოქტომბერში მოქალაქეებმა და ბიზნესმა ლარში დეპოზიტები 1,2 მილიარდით შეამცირეს

ოქტომბრის თვეში, როცა წინასაარჩევნოდ ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა 591 მილიონი დოლარი გაყიდა, მოქალაქეებმა და ბიზნესმა ბანკებში ლარში შენახული ფული შეამცირეს. ამავე პერიოდში გაიზარდა უცხოურ ვალუტაში გაკეთებული დანაზოგის მოცულობა.
ეროვნული ბანკის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული 57,53 მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტების 50,7% (29,17 მილიარდი ლარი) უცხო ვალუტაზე მოდის, დანარჩენი 49,3% (28,36 მილიარდი ლარი) კი ეროვნულ ვალუტაზე.
სტატსტიკური მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში მოქალაქეებმა და კომპანიებმა ლარში დეპოზიტები დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარით შეამცირეს. ამავე პერიოდში თითქმის 1,1 მილიარდი ლარით გაიზარდა უცხოურ ვალუტაში მათი დეპოზიტების მოცულობა.
· ოქტომბერში მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობა ლარში თითქმის 394 მილიონი ლარით შემცირდა. წელს მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობა ლარში შემცირდა სექტემბერშიც, თუმცა ოქტომბერთან შედარებით ბევრად უფრო მცირე თანხით – 70,7 მილიონი ლარით;
· კომპანიების დეპოზტიტების მოცულობა ლარში 809 მილიონი ლარით არის შემცირებული. იურიდიული პირების შემთხვევაში მიმდინარე წლის განმავლობაში დეპოზიტების მხრივ კლება ფიქსირდებოდა თებერვალსა (563 მილიონი ლარის ეკვივალენტი) და მაისშიც (517 მლნ ლარის ეკვივალენტი).
რადიო თავისუფლებამ ეროვნულ ბანკს ჰკითხა, რითი ხსნის მარეგულირებელი მოქალაქებისა და კომპანიების მხრიდან ლარში დეპოზიტების შემცირებასა და უცხოურ ვალუტაში ზრდას. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში ლარის კურსის შესანარჩუნებლად 591,1 მლნ დოლარი გაყიდა. ამ თანხის დიდი ნაწილი, 377,7 მლნ დოლარი, გაყიდა აუქციონის გარეშე – ანუ ისე, რომ გაყიდვაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
გასულ თვეში დოლარის გაყიდვას ეროვნული ბანკი „არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით“ ხსნიდა.
2024 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 587,9 მილიონი დოლარით შეამცირა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი