„მთავარ აქცენტს გავაკეთებთ სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე“ – მიხეილ სარჯველაძე

„მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით, 4-ჯერ არის გაზრდილი ჯანდაცვის დანახარჯები. ეს კოლოსალური მხარდაჭერაა, რომელსაც სახელმწიფო თითოეული პაციენტის დასახმარებლად იჩენს“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მ სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტში, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მუდმივად მზარდი იქნება და ამ მიმართულებით, ყოველწლიურად, დაინერგება სიახლეები. მისივე განცხადებით, სიახლეები შეეხება პროგრამების როგორც ხარისხობრივ, ისე შინაარსობრივ გაუმჯობესებასა და განვითარებას.
მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის მიმართულების პრიორიტეტებზეც ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის, ერთ-ერთი მთავარი კვლავ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა და მისი ეფექტიანი განხორციელება იქნება.
„ჩვენ, მთავარ აქცენტს გავაკეთებთ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე, დღეს არსებული სისტემის შენარჩუნებასა და მის შემდგომ განვითარებაზე. ეს მოიცავს ყველა მიმართულებას – სპორტული მედიცინიდან დაწყებული, ონკოლოგიური მედიცინით დამთავრებული – ერთის მხრივ, შევეცდებით, გავუფრთხილდეთ და მაქსიმალურად დავაფასოთ ის, რაც გვაქვს და მეორეს მხრივ, სწორედ ამ ბაზისზე განვახორციელოთ შემდეგი პროგრესი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომას ასევე ესწრება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს