საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა საბიუჯეტო უთანხმოების გამო შესაძლოა თანამდებობა დაკარგოს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მიშელ ბარნიემ შესაძლოა თანამდებობა დაკარგოს საკამათო საბიუჯეტო გადაწყვეტილების გამო. „ევრონიუსის“ ცნობით, ბარნიე ამტკიცებს, რომ ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად საჭიროა ხარჯების შემცირება 40 მილიარდი ევროთი და გადასახადების გაზრდა ჯამში 20 მილიარდი ევროთი. თუმცა, კანონმდებლები სხვა პარტიებიდან უარს ამბობენ მისი ზომების მხარდაჭერაზე.
მემარჯვენე ცენტრისტმა ბარნიემ არ გამორიცხა, რომ ბიუჯეტის დასამტკიცებლად შესაძლოა საჭირო გახდეს კონსტიტუციის 49.3 მუხლის გამოყენება, რათა იგი დეპუტატთა კენჭისყრის გარეშე დამტკიცდეს.
ამან შეიძლება გამოიწვიოს უნდობლობის ვოტუმის გამოცხადება, რომლითაც მემარცხენე პოლიტიკოსები იმუქრებიან. ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ მზად არის მათ შეუერთდეს.