გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის დარგის მხარდასაჭერად, დაგეგმილია 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა. განცხადება მინისტრობის კანდიდატმა საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
დავით სონღულაშვილმა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც სამინისტროს განსაკუთრებული აქცენტი ექნება გაკეთებული. ესენია: სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და რეალიზაციის პროცესების გაუმჯობესება; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სერვისების ხელმისაწვდომობა და ახალი სასოფლო-სამეურნეო პროექტების განვითარება; ფერმერებისა და მეწარმეების ცოდნის ამაღლება და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა; აგროდაზღვევის სისტემის გაუმჯობესება და სამელიორაციო მომსახურების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებასა და დარგის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას.