თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ვიქტორ წილოსანი აღარ უხელმძღვანელებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, მერიაში საკადრო ცვლილებებმა „ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველაფერი დაფუძნებული იყო ტყუილზე“.
„მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება ერთად, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყო ევროპული, ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული. ვიკას როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მისი თქმით, ვიქტორ წილოსანი კერძო სექტორში აგრძელებს მუშაობას:
„ის ჩვენი გუნდის წევრად რჩება და ნებისმიერ დროს მას ექნება შესაძლებლობა, თუ ის გადაწყვეტს, დაბრუნდეს დედაქალაქის მერიაში და თბილისელების სამსახურში იყოს“.
ვიქტორ წილოსანის ნაცვლად ამ თანამდებობას დაიკავებს ნინო ბაგალიშვილი. ბაგალიშვილი მანამდე წილოსანის მოადგილედ მუშაობდა.
ვიქტორ წილოსანის თბილისის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელად მუშაობის დროს დედაქალაქში ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკინგი, დღის საათებში ქალაქის ნაწილში აიკრძალა სატვირთოების გადაადგილება, დაინერგა ტაქსის ლიცენზირების სისტემა, დაიხაზა საავტობუსე ზოლები, შემოიყვანეს 10, 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები.
ვიქტორ წილოსანი თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურს 2019 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. მის მიმართ პრეტენზია ხშირად ისმოდა ქალაქში არსებული საცობებისა და გამკაცრებული პარკირების შემდეგ მძღოლებისთვის დაკისრებული ჯარიმების გამო.