ალისონი „გალათასარაიში“ გადასვლას განიხილავს, რადგან „ლივერპულში“ მამარდაშვილი მიდის – თურქული გამოცემა

„გალათასარაის“ მომავალ ზაფხულში „ლივერპულის“ მეკარის, ალისონ ბეკერის შეძენა სურს, რადგან ახალი სეზონიდან გუნდში გიორგი მამარდაშვილი უნდა მივიდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტრანსფერმარკტის“ ბრიტანული გვერდი ავრცელებს.
სავარაუდო ტრანსფერზე უფრო დეტალურად თურქული გამოცემა Sabah-ი წერს, რომლის მტკიცებით, „ლივერპულის“ მეკარე სტამბოლელების წინადადებას განიხილავს.
„ალისონ ბეკერი 2024/25 წლების სეზონის ბოლოს „გალათასარაიში“ გადასვლას განიხილავს. როდესაც ინგლისელებმა ახალგაზრდა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეიძინეს, ცხადი გახდა, რომ ალისონი კლუბში დიდი ხნით აღარ დარჩებოდა.
„გალათასარაის“ თავისი ყოფილი მეკარისა და ამჟმად „ლივერპულის“ მეკარეთა მწვრთნელის, კლაუდიო ტაფარელის მეშვეობით ბრაზილიასთან მჭიდრო კავშირები აქვს. შესაძლოა, მან ალისონზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს და თურქეთში გადასვლაში დაარწმუნოს.
„გალათასარაი“ 38 წლის ფერნანდო მუსლერას შემცვლელს ეძებს, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. კლუბი მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს და ალისონს მის შემცვლელად მოიაზრებს“, – ამტკიცებს თურქული გამოცემა.
1tv.ge