,,ჩვენს პოლიტიკურ კლასს სულ ფეხებზე კიდია მოსახლეობის პრობლემები’’- მერაბ ჯანიაშვილი

,,ჩვენს პოლიტიკურ კლასს სულ ფეხებზე კიდია მოსახლეობის პრობლემები’’- მერაბ ჯანიაშვილი
ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი პოლიტიკურ კლასს აკრიტიკებს და მათ ვიწრო ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს. ექსპერტი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ და მათ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება არ ადარდებთ.
,,ჩვენს პოლიტიკურ კლასს სულ ფეხებზე კიდია მოსახლეობის პრობლემები. მე არ მსმენია ჩვენი პოლიტიკური კლასისგან, რომ ადამიანების პრობლემებზე ესაუბრათ. 30 წელია ტოპ სამ პრობლემაში შედის ფასების ზრდა, უმუშევრობა და სიღარიბე. ისინი საერთოდ არ საუბრობენ ამ თემებზე. არ აინტერესებთ მათ ხალხის პრობლემები, შესაბამისად ეკონომიკის განვითარება არავის არ ადარდებს. ჩვენი ოპოზიცია ვენებს იჭრის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ისინი რომ მოვიდნენ, ისინიც ამ ეკონომიკურ სტრუქტურას დატოვებენ. არ ადარდებთ მათ ის, რომ ქვეყანაში საშუალო ფენა შეიქმნას, ვიღაცის შემოსავალი გაიზარდოს. ხელისუფლება მსხვილ ბიზნესთან არის ჩახუტებული, ასევე ჩაეხუტება ოპოზიციაც.’’- აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.
ეკონომისტი პოლიტიკოსებსა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შორის არსებულ საერთო ინტერესებზე საუბრობს. მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკასა და ბიზნესს შორის ზღვარი წაშლილია და ბევრი პოლიტიკაში სწორედ საკუთარი ბიზნესის განვითარებისა და მეტი ფულის შოვნის მიზნით მოდის.
,,წინა პარლამენტში მგონი 20 თუ 30 მილიონერი გვყავდა. თავიდანვე შესულები იყვნენ ეს ბიზნესმენები. ჩვენთან, ხომ ბიზნესი და პოლიტიკა არეული ერთმანეთში. ბიზნესმენები პოლიტიკაში იმიტომ მოდიან, რომ საკუთარი ბიზნესები დაიცვან და ხელი შეუწყონ და შესაბამისად, ინტერესები ისეა გადაკვეთილი პოლიტიკოსებისა და მსხვილი ბიზნესმენების, რომ ვერ გაარჩევ, რომელი რომელია.’’- აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.
ეკონომისტის კრიტიკის ობიექტი გახდა ასევე სამოქალაქო სექტორი. მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკასა და ბიზნესში არსებულ რეალურ პრობლემებზე არც არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ. მისი თქმით, მესამე სექტორი მხოლოდ მსხვილი ბიზნესის პრობლემებით ინტერესდება.
,,ასევე საშინელია სამოქალაქო სექტორი და ასევე ხმას არ იღებს მოსახლეობის პრობლემებზე. მაგიტომ არის, რომ არასამთავრობო სექტორს ნდობა აქვს ნული. გამოდიან და საუბრობენ ისეთ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობის პრიორიტეტებში მე-10 და მე-20 ადგილზეა. თუ გამოვლენ არასამთავრობოები და ეკონომიკაზე ხმას ამოიღებენ, საუბრობენ მსხვილი ბიზნესის პრობლემებზე და არა მოსახლეობის, არა დასაქმებულების, არა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.’’- აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.