ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბიზნესმენ კახა ხაზარაძის აზრით, ბიზნესის და ფულის კეთებას შორის განსხვავებაა. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანის კითხვას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მსხვილი ბიზნესის პასიურობას შეეხებოდა. „არჩევანი უნდა გააკეთო – მხოლოდ ფულს შოულობ თუ ბიზნესს აკეთებ ამ ქვეყანაში“, – ამბობს ბიზნესმენი. კახა ხაზარაძის თქმითვე, პოლიტიკაში ბიზნესის ჩართვა არაეთიკურია, მაგრამ როცა საქმე ქვეყნის ევროინტეგრაციას ეხება, ბიზნესი არაფერ შუაშია. „დუმილი თანხმობის და შეგუების ნიშანია“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
– ბატონო კახა, დიდ გმირობას მოითხოვს, ბიზნესმენებმა, სხვადასხვა ბიზნესასოციაციამ ერთობლივად მოუწოდოს „ქართულ ოცნებას“ დააბრუნონ ქვეყანა ევროპულ გზაზე?
– პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბიზნესი ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს მთავრობის მიმართ. წარმოვიდგინოთ, რა სხვაობა და საერთოა კომპანიასა და სახელმწიფოს შორის. კომპანიებში, რომლებსაც ვმართავთ, ძალიან დიდი ბერკეტები გვაქვს, როგორ შევინარჩუნოთ სამართლიანობა და რადგან სახელმწიფოც დიდი კომპანიაა, პირველ რიგში, ბიზნესის წარმომადგენლებს მოგვეკითხება, რამდენად სწორად იხარჯება ჩვენ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები. ჩვენ თუ შეგვიძლია საკუთარი კომპანიების კონტროლი, მინიმუმ უნდა ვაკონტროლოთ მთავრობა, რომ ხარჯვის ნაწილში გამჭვირვალეები იყვნენ. ამდენად, შეიძლება ვიღაცებს არ მოსწონთ კრიტიკა, მაგრამ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური ძალაა მთავრობაში – თუ ვხვდები, რომ ჩემ მიერ გადახდილ გადასახადებს არასწორად ხარჯავს ხელისუფლება, მინიმუმ ვალდებული ვარ, ამაზე რეაგირება მქონდეს.
– მსხვილი ბიზნესის სიჩუმის მიზეზი, ძირითადად, რა არის – შიში თუ კომფორტი, სახელმწიფო ტენდერების მოგება და ა.შ.
– ბიზნესს რამდენიმე ჯგუფად დავყოფდი და მიმაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე მსხვილი ბიზნესი. ჩვენ დიდი შეზღუდვებიც გვაქვს – უცხოური ინვესტიციები შემოგვაქვს ქვეყანაში, უცხოელი პარტნიორები გვყავს და ბიზნესეთიკაში პოლიტიკურ ჭრილში მონაწილეობა და პროცესების შეფასება არასწორია. მიმაჩნია, რომ ბიზნესი პოლიტიკურ დისკუსიებში არ უნდა შედიოდეს, მხოლოდ – ეკონომიკურში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათ შორის ბმაა, როდესაც მაგალითად, ვსაუბრობთ ბიუჯეტის ფორმირებაზე, ხარჯვის პოლიტიკაზე და ა.შ.
– საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევაზე საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება პოლიტიკაში მონაწილეობას ან ჩართვას ნიშნავს?
– ამ შემთხვევაში ბიზნესი/ბიზნესმენობა საერთოდ არაფერ შუაშია. ყველანი, პირველ რიგში, ვართ მოქალაქეები. ევროინტეგრაცია არის არჩევანი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს და ერთადერთი ხსნა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების, სწორედ ევროპული მომავალია. ეს ისეთი საკითხია, რაზედაც ადამიანს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ბერკეტი, რის გამოც ის გაჩუმდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რისთვის ცხოვრობს… ჩვენ ახლა მოგვეცა შესაძლებლობების ფანჯარა, გავხდეთ ევროპული სამყაროს ნაწილი და ამ სიტუაციაში სიჩუმე ჩემთვის გაუგებარია ანუ რაღაცას ეთანხმები. ჩუმად ყოფნა არ ნიშნავს პროტესტს. არასდროს გამიგია ჩუმად მყოფი ადამიანის პროტესტი და ვერც გავიგებ. დუმილი თანხმობის და შეგუების ნიშანია.
– მსხვილი ბიზნესი ეგუება?
– სხვების მაგივრად ვერ ვისაუბრებ. სჯობს, ეს კითხვა მათ დაუსვათ. მე შემიძლია ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ… ვიღაცა ეგუება, ვიღაცა – არა, ვიღაცა უბრალოდ თვლის, რომ სწორი პოზიცია აქვს. აქედან გამომდინარე, არ მინდა საჯაროდ ამ დისკუსიაში შესვლა, მაგრამ ზოგადად, შემიძლია ვრცლად ვისაუბრო, სად მიგვიყვანს ეს პოლიტიკა, რაც ქვეყანაში.
– მოქალაქეების კრიტიკის საგანი ხშირად არის ოპოზიცია, რომელსაც ერთიანობა აკლია. არ ფიქრობთ, რომ ერთიანობა ბიზნესსაც აკლია, თუნდაც იმ ნაწილში, რომ ევროინტეგრაციის გაგრძელებისკენ ერთობლივი წერილი/მოწოდებაც არ გვინახავს ჯერჯერობით…
– ბიზნესს ერთიანობა არ აკლია; განსხვავებაა ბიზნესის კეთებასა და ფულის კეთებას შორის. ბიზნესი კეთება არის ღირებულების ერთიანობა ანუ ქართულ ბიზნესს აკლია ღირებულებების ერთიანობა. შენ თუ ღირებულებებს წინ აყენებ, მაშინ ბიზნესი მეორე ხარისხოვანია, ხოლო შენ თუ ფულის კეთებას აყენებ წინ, მაშინ ღირებულებები მეორე მხარეს გადადის, ამიტომ ადამიანმა არჩევანი უნდა გააკეთო – რას აკეთებ ამ ქვეყანაში – ფულს შოულობ თუ ბიზნესს აკეთებ?! საქართველოში მსხვილი ბიზნესი დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილებს ქმნის და ის ადამიანები, რომლებსაც ასაქმებ, გიყურებენ და გაფასებენ – მათ შენ უყურებ როგორ მუშახელს თუ როგორც ადამიანს? თუ უყურებ როგორც მუშახელს ანუ შენთვის ფულის კეთებაა მნიშვნელოვანი, ხოლო უყურებ როგორც მოქალაქეს, თუ შენთვის ბიზნესია მნიშვნელოვანი. ამდენად, ღირებულებების ერთობაა დღეს პრობლემა. მე არ ვამბობ, რომ იდეალური ვარ, მაგრამ ვიბრძვი, რაც შეიძლება ნაკლები ნაკლოვანებები მქონდეს და თუ ვერ ვხედავ და სხვა მეუბნება, ვცდილობ, გამოვასწორო.