მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე აცხადებს, რომ აფხაზებთან ურთიერთობების დალაგების შანსი გვაქვს, თუმცა ეს ძალიან რთული საკითხია. სამხარაძე ,,კომერსანტთან” სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფს, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის შერიგების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
,,აფხაზეთთან ურთიერთობების დალაგება ძალიან რთული საკითხია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ აფხაზეთი იქნება უფრო მეტად ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ მათი როლი გაძლიერდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებაში. მეორე, უნდა გაგრძელდეს ნდობის აღდგენის პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის მიმართულებით პროგრამები და ეგ უფრო მეტად უნდა განვავრცოთ. მესამე, რუსეთის საკითხის წარმოჩენა. უნდა დავანახოთ ადგილობრივებს, რომ რუსეთის პოლიტიკა არის ექსპანსიური. ეს არის იმპერია. ეს დღის წესრიგი საინფორმაციო დონეზე უნდა გავაძლიეროთ, რომ ყველანაირად დავანახოთ რუსეთის სახე და რაღაცნაირად, რომ მოხდეს ჩვენს მიმართ სიძულვილის შემცირება. ჩემი აზრით, შანსი გვაქვს. მაგრამ რთული საკითხია ეს. წარმოიდგინეთ, ეს ხელისუფლება, რომელიც დასავლეთთან კონფრონტაციაშია შესული და ლანძღავს დასავლეთს, რუსეთზე კი ხმას ვერ იღებს, ძალიან რთული იქნება, რომ დაარწმუნოს აფხაზები, რომ მე დასავლეთთან ძალიან კარგად ვარ და რუსეთის მოწინააღმდეგე ვარ. გაუჭირდება დღევანდელ ვითარებაში თბილისს ამ შანსის გამოყენება. უფრო მკაფიო უნდა იყოს ჩვენი გზავნილები აფხაზეთთან მიმართებით. ერთის მხრივ ანტირუსული და მეორე მხრივ პროდასავლური.”- აცხადებს შმაგი სამხარაძე.
მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსულ ე.წ. ხელისუფლებასთან უფრო შესაძლებელი შეიძლება იყოს ურთიერთობების დამყარება. მისი თქმით, ე.წ. ოპოზიციაში მყოფი პირები იდეურად განსხვავდებიან ასლან ბჟანიასგან, რომელიც აფხაზეთში ოლიგარქად არის აღიარებული.
,,აფხაზეთში ახლა ვინც მოვა ე.წ. ხელისუფლებაში ესენი უფრო ითვლებიან იდეოლოგიზირებულ ხალხად, რომლებიც ყოველთვის იყვნენ პოლიტიკაში ბჟანიასგან განსხვავებით. ბჟანია უფრო ბიზნესმენი ადამიანია, რომელსაც კავშირები ჰქონდა რუსეთში და ბევრი ფული გააკეთა 90-იან წლებში რუსეთში. ის უფრო ოლიგარქად მოიაზრება. განსხვავებით იმათგან ვინც ახლა მოდის.”- აცხადებს შმაგი სამხარაძე.
მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეიძლება აფხაზებთან ურთიერთობების დალაგების არასწორი პოლიტიკა აირჩიოს.
,,შეიძლება ზოგიერთ ცხელ თავში, (აქ თბილისში) წარმოიქმნას ისეთი მოლოდინი, რაკი შანსი გვაქვს, რომ რუსულ-აფხაზური ურთიერთობები კიდევ უფრო გაფუჭდეს, (როგორც ფაშინიანთან გაუფუჭდა რუსეთს ურთიერთობები) შეიძლება ვიღაცას აქ ხელისუფლებაში უბიძგოს, იმისკენ რომ აფხაზებზე მეტად გავხდეთ პრორუსები. ამით შეიძლება გაგვიჩნდეს იმის შანსი, რომ ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რაც გამორიცხავს რუსეთის მეტ ჩართულობას აფხაზების მხარეზე და ეს შანსს მოგვცემს ჩვენ აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი, ანუ თუნდაც, მშვიდობიანად თუ არა რაღაც პატარა სპეცოპერაციის მხრივ. პირადად მსმენია ასეთი საუბრები, რომ რამდენიმე ადამიანს ასეთი აზრების სჯერა, რომ თუ კი ჩვენ სრულიად უარვყოფთ დასავლეთს, რაღაც მოლაპარაკებებს გადავიტანთ ჟენევიდან მინსკში, სრულიად გადავერთვებით რუსულ ორბიტაზე და ამის გარანტიას მივცემთ რუსეთს, რომ ჩვენ აქ დავამყარებთ ივანიშვილის ოლიგარქიულ და ავტორიტარულ მმართველობას და ამის ფონზე დავიბრუნოთ ტერიტორიები. სამწუხაროდ ასეთი აბსურდული, არა ლოგიკური და მოღალატეობრივი, წარმოუდგენელი სიბრიყვე ზოგიერთების თავებში არსებობს. არსებობს 1%, რომ თბილისში ამას ვიღაც იფიქრებს, მაგრამ რამდენად რეალიზებადია მეეჭვება. ასე მარტივად რუსეთი აფხაზეთს არ დაგვითმობს და მეორე, ამის საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი, რომ რაც უფრო გაამძაფრებს ამ მიმართულებით სვლას ,,ქართული ოცნება” მით უფრო გამძაფრდება წინააღმდეგობა და ვერ შეძლებს ამ პოლიტიკის განხორციელებას.”- აცხადებს შმაგი სამხარაძე.
მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი ,,კომერსანტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ აფხაზეთში ახალგაზრდობას დემოკრატია სურს და მათთვის კარგად არის ცნობილი რუსული პოლიტიკა, თუმცა აფხაზები რუსეთის პირდაპირ კრიტიკას და ლანძღვას ერიდებიან. შმაგი სამხარაძე აღნიშნავს, რომ აფხაზებს სურთ ევროპული მომავალი, თუმცა რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებას ერიდებიან.
,,აფხაზეთში ახალგაზრდები ვინც არიან, (იქაც ხომ ახალი თაობა გაიზარდა), კარგად იციან რა არის რუსეთი. იციან რუსეთის განვითარება. ისინი შეიძლება რუსეთს არ ლანძღავენ პირდაპირ, მაგრამ მათი მოთხოვნილება არის დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნება. რუსეთი მათთვის არის როგორც გარანტი, რომელმაც აღიარა მათი დამოუკიდებლობა, რომელსაც უყენია ჯარი და იცავენ მათ. საზოგადოება აფხაზეთში ცდილობს, რომ შეინარჩუნოს დემოკრატიულობა. პარადოქსული ვითარებაა შექმნილი, უფრო ტრაგიკომიკური. რაც უნდათ ის ყველაფერი არის დასავლეთი, მაგრამ ჯიუტად ცდილობენ არ გააღიზიანონ რუსეთი.”- აცხადებს შმაგი სამხარაძე.