რუსებმა დონეცკში 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

დონეცკის პროკურატორის ინფორმაციით, პოკროვის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს.

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ პეტროვკაზე იერიში მიიტანეს. შეტევის შედეგად ხუთმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ პოზიციები დატოვეს და თავი მიტოვებულ სახლს შეაფარეს.

რუსებმა შენობას ალყა შემოარტყეს და უკრაინელები ტყვედ აიყვანეს. შეუიარაღებელ ტყვეებს მიწაზე დაწოლა აიძულეს და შემდეგ დახვრიტეს.

“ვმუშაობთ ყველა გარემოებისა და ომის დანაშაულის მონაწილეების იდენტიფიცირებაზე. ტყვეების დახვრეტა ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა და კვალიფიცირდება, როგორც საერთაშორისო დანაშაული”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.

ტყვეების დახვრეტის საქმეს დონეცკისა და ლუგანსკის საგამოძიებო სამმართველო გამოიძიებს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფრონტზე გახშირდა რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების დახვრეტის ფაქტები.