,,ინვესტორები საქართველოს ეჭვის თვალით უყურებენ’’- რატომ ფერხდება ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა

საქართველოს მნიშვნელობა მსოფლიო ეკონომიკაში იზრდება. ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა რეგიონის მასშტაბით. ქვეყნის მიმართ ინტერესი აქვთ როგორც ევროპელებს, ასევე ამერიკელებს. პოტენციალის მიუხედავად, ქვეყანაში მსხვილი ინვესტორების შემოსვლა კვლავ პრობლემას წარმოადგენს. პროექტის განხორციელებამდე ყველა ინვესტორი შეფასებას აკეთებს. ფულის ჩადებამდე ისინი რისკებს სწავლობენ და მხოლოდ ანალიზის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, განახორციელონ თუ არა ინვესტიცია კონკრეტულ ქვეყანაში. ინვესტორების ინტერესის სფეროა ქვეყნის ეკონომიკა, მოქმედი რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხი. მათ შორის, არის სასამართლო სისტემის გამართული ფუნქციონირება.
რატომ იკავებენ თავს მსხვილი ინვესტორები საქართველოში შემოსვლისგან? საკითხზე ,,კომერსანტი” ,,ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივანს ესაუბრა. ზვიად ჭუმბურიძე რამდენიმე მთავარ პრობლემას გამოყოფს. მათ შორის არის ოკუპაცია.
,,ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, რომ თითქოს ქვეყანა არის იდეალურ მდგომარეობაში. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა. ორი უმნიშვნელოვანესი ტერიტორია და ცხინვალის რეგიონი რუსის ჯარის მიერ არის ოკუპირებული. როგორ უყურებს ინვესტორი ამას? უკვე თავის თავად, განწყობა ინვესტორს ყოველთვის აქვს ეჭვის თვალით, რომ ღირს თუ არა იმ ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებია. მეზობლად არის , რომელიც ყველასთვის ცნობილია აგრესორ ქვეყნად. უკვე აღარ არის ორი აზრი იმაზე, რომ ორი რუსეთი არსებობს. არა, ამ ქვეყანას აქვს მხოლოდ ერთი ხედვა მეზობლების მიმართ და ყველას მიმართ აგრესიულია. აქედან გამომდინარე, ინვესტორი უკვე ეჭვის თვალით უყურებს.”- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სასამართლო სისტემაა. საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ არსებული კითხვებისა და კრიტიკის ფონზე ქვეყანას ინვესტორები ეჭვის თვალით უყურებენ. ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის მიუხედავად სისტემის რეფორმა ვერ განხორციელდა და ის დღემდე ტოტალურ ცვლილებებს საჭიროებს. სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია აქვთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც, რომლებიც არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას საკუთარ ქვეყნებში აგზავნიან. პრობლემის არსს კარგად იცნობენ ინვესტორებიც.
,,როდესაც, ოკუპაციის თემას ამატებ შიდა პოლიტიკურ არასტაბილურობას ჩათვალეთ, რომ ინვესტორი ყოველთვის ეჭვის ქვეშ აყენებს ინვესტიციების ჩადებას. მით უმეტეს, როდესაც შიგნით არ გაქვს ყველა ინსტიტუცია განვითარებული და მოწყობილი ინვესტორების ინტერესების დაცვის შესაბამისად. მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა, რომელშიც სხვათა შორის ევროკავშირს, ასევე დიდ ბრიტანეთს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით. იყო რამდენიმე ტალღა, რომ როგორმე ეს რეფორმა ჩაგვეტარებინა. ვთქვათ გულახდილად, თითოეულმა მოქალაქემ, ეს იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი, ოპოზიცია თუ რიგითი მოქალაქე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სასამართლოს სჭირდება ტოტალური რეფორმა. არ გვაქვს ისეთი სასამართლო, რომელსაც ჰქვია დემოკრატიული სახელმწიფოს სასამართლო. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ვიცით ეს, აქ მუშაობს უამრავი აკრედიტებული დიპლომატი, ისინი ხომ თავის ქვეყნებში აგზავნიან ამ ინფორმაციას. პირველ რიგში, როდესაც ინვესტორი შემოდის ის აუცილებლად იკითხავს თუ რა ვითარება არის ადგილობრივ ბაზარზე, როგორ რეგულაციებია, როგორი მიდგომებია, თუნდაც სასამართლოს მხრივ და შესაბამისად როდესაც ხედავს, რომ აქ გარანტირებულად მისი უფლებები შეიძლება დაცული არ იყოს, ყოველთვის ეჭვით უყურებს ამას. სასამართლო რეფორმა პირველი რიგში ჩვენს მოქალაქეს სჭირდება და სჭირდება ინვესტორს. თქვენ წარმოგიდგენიათ, როდესაც შენივე ქვეყანაში მოქალაქე ვერ პოულობს სამართალს, რა გარანტია აქვს უცხოელ ინვესტორს, რომ ის ინვესტიციას გააკეთებს, ჩადებს თანხას და ამონაგების მაგივრად მას არ მოუწევს სასამართლოში სირბილი, რაც არ არის გამორიცხული რომ დასჭირდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ინვესტორისთვის არის სასამართლო, ამიტომ ტოტალური რეფორმები გვჭირდება.”- განმარტავს ზვიად ჭუმბურიძე.
,,კომერსანტთან” საუბარში ზვიად ჭუმბურიძე განმარტავს, რომ ქვეყანაში დღეს არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გაგრძელება, ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის წინაშე დააყენებს, რაც განვითარების პროცესს კიდევ 30 წლით შეაფერხებს. მისი თქმით, ინვესტიციების შემოდინების პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენს ასევე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე გააქტიურებული დისკუსია.
,,როდესაც მიდის საუბარი, შეუწყდება თუ არა საქართველოს სავიზო რეჟიმი, ინფორმაცია ხომ მიდის დიდ ინვესტორებთან. ძალიან არა მარტივ ვითარებაშია ქვეყანა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოვძვრეთ ამ ვითარებიდან. თუ ეს მძიმე პოლიტიკური ვითარება და კრიზისი გაგრძელდა უახლოეს პერიოდში, უახლოეს თვეებში ეს აისახება ეკონომიკურ ამინდზე. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას იმ მყიფე ეკონომიკით, რომელიც საქართველოს აქვს, აღმოვჩნდებით დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშე. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ 91,92 და 93 წლებში უმძიმესი პერიოდი გადავიტანეთ. გვინდა, რომ კიდევ 30 წლით უკან დაბრუნდეს ქვეყანა? ხომ არ გვინდა? ეს ხომ ყველას კარგად ესმის, როგორც ხელისუფლებას, ასევე რიგით მოქალაქეს, რომ ჩვენ გვინდა განვითარება და ევროპული გზა.”- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს ზვიად ჭუმბურიძე. ის ასევე აღნიშნავს, რომ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხი.
,,ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, როგორი სირთულეები გვაქვს. 34 წლის თავზე ვერ ჩავატარეთ ისეთი , რომელიც არ გამოიწვევდა ასეთ ვნებათაღელვას საზოგადოებაში. თუ შევძლებთ ამ რეფორმების ჩატარებას და თუ შევძლებთ პირველ რიგში არჩევნების ნორმალურად ჩატარებას, რომ არც ერთ მოქალაქეს არ გაუჩნდეს ეჭვი, რომ მისი ხმა დაიკარგა ან გაყალბდა, მაშინ ჩათვალეთ რომ ეკონომიკაც განვითარდება. რადგან ეკონომიკა და პოლიტიკა დღეს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ იყოფა, რადგან ორივე არის ერთი ცოცხალი ორგანიზმის სახელმწიფოს მაცოცხლებელი საშუალება. გაქვს დალაგებული პოლიტიკური ვითარება შიგნით, მაშინ ავტომატურად გაქვს სტაბილური ეკონომიკური განვითარება.”- აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.