ჩვენ ხმების ქურდების გვერდით უბრალოდ არ დავსხდებით და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რასაც ჰქვია რიგგარეშე ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ეს განცხადება „ლელო-საქართველოს“ წევრმა გენო თებიძემ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გააკეთა. მისი თქმით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” წევრები უკანონოდ იმყოფებიან.
„ჩვენს უკან ვხედავთ შენობას, სადაც „ქართული ოცნების” დეპუტატები უკანონოდ იმყოფებიან. ვიცით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ და ასევე, “ქართული ოცნების” მიერ მოხდა უპრეცედენტო ქურდობა ხმების და დღეს ამ ქურდობის საფუძველზე ფიქრობენ, რომ აკანონებენ იმ უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმაციას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. დღეს მოხდება როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე უმაღლესი საბჭოს სიების ჩახსნა, რაც პროცედურულად აუცილებელია და შემდგომ რა თქმა უნდა, გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ხმების ქურდების გვერდით უბრალოდ არ დავსხდებით და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რასაც ჰქვია რიგგარეშე ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რასაც ითხოვს ქართველი ხალხი და ცივილური სამყარო”,- აცხადებს გენო თებიძე.
ცნობისთვის, ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში პირველი სხდომა იმართება, სადაც დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები შეიქმნა. დღესვე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და კომიტეტების ხელმძღვანელებს აირჩევენ. სიტყვით გამოვიდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია.