სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად [საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არალეგიტიმური] დანიშვნა უკვე მიულოცა და ყოფილ კოლეგასთან თანამშრომლობა მაღალი შეფასება მისცა.
ამის შესახებ არარატ მირზოიანმა X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
„გილოცავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას. ჩვენ ველით მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების, საერთო მიზნების პროგრესისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის“, – წერს მირზოიანი საქართველოს ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრისადმი მილოცვაში.
Published by Armenpress, original at https://armenpress.am/ka/article/1205890
პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ლეგიტიმურობასაც არც ოპოზიცია, არც პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორი არ აღიარებს, 25 ნოემბერს პროტესტის ფონზე გაიმართა. აღნიშნულ სხდომაზე სამი ახალი მინისტრი წარადგინეს. 25 ნოემბერსვე, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო. მათ შორის იმათიც, ვინც უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე. კონსტიტუციონალისტების განმარტებით, ეს პროცედურაც და გადაწყვეტილებაც არაკონსტიტუციურია. შესაბამისად, არაკონსტიტუციურია პარლამენტიც, რომლის თანამდებობებიც “ქართული ოცნების” წევრებმა საპროტესტო აქციის ფონზე გაინაწილეს.




