2023 წელს მუსიკის ინდუსტრიის გაყიდვებმა, კინოინდუსტრიის პანდემიამდელი შემოსავლის პიკს გადააჭარბა – ანგარიში
მუსიკალური ინდუსტრიის მთლიანი შემოსავალი 2023 წელს დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და 45,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რითაც გადააჭარბა კინოინდუსტრიის სალაროებში პანდემიამდელ პიკს – Financial Times–ის ინფორმაციით, ანგარიში ლონდონის ეკონომიკის სკოლის მკვლევარმა და შვედური სტრიმინგ პლატფორმის Spotify-ის ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა უილ პეიჯმა მოამზადა.
ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით დაახლოებით მეოთხედით გაიზარდა და 2014 წელთან შედარებით გაორმაგდა – ნათქვამია პეიჯის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მომზადდა ფონოგრაფიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის (IFPI), ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) და მუსიკის გამომცემელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICMP) მონაცემებზე დაყრდნობით.
მათ შორის, ჩამწერი ლეიბლებისა და მათი შემსრულებლების შემოსავალი გასულ წელს გაიზარდა 12%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $28,5 მილიარდამდე. დარჩენილი შემოსავალი მუსიკალური გამომცემლებისა და სიმღერების ავტორებისგან მოდიოდა. მუსიკის გაყიდვები დისკებზე, ვინილის ჩანაწერებზე და სხვა ფიზიკურ მედიაზე უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე შემოსავალი სტრიმინგიდან. კერძოდ, ვინილის გაყიდვები გაიზარდა 15,4%-ით, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის ლეიბლები მათგან 1 მილიარდ დოლარს მიიღებენ მხოლოდ აშშ-ში და ეს საშუალება მალე გადაუსწრებს CD-ებს გაყიდვებში, ნათქვამია ანგარიშში.
თავის მხრივ, ციფრულ სადისტრიბუციო არხებს ახლა უფრო მეტი მოაქვს გამომცემლების და ავტორებისთვის, ვიდრე ტელერადიომაუწყებლობას. ათი წლის წინ „ციფრული“ წარმოადგენდა შემოსავლების დაახლოებით 5%-ს, ტრადიციული მაუწყებლობა – დაახლოებით ნახევარს.
მოხსენების თანახმად, აშშ-ში მუსიკის თითქმის მესამედი მოდის უცხოელ არტისტებზე და დიდი ბრიტანეთი მუსიკის უდიდესი იმპორტიორია ამ ქვეყანაში.
შედარებისთვის, კინოინდუსტრიის სალაროებში შემოსავალი გასულ წელს 33,2 მილიარდი დოლარი იყო, Omdia-ს მიხედვით. 2019 წლის პანდემიამდელ პიკზე ის 41,9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
„ვინმეს რომ ეთქვა 2015 წელს, როდესაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ჩვენი გამოთვლების კეთება, რომ მუსიკა გადაუსწრებს ფილმებს, მას დასცინებდნენ”, – თქვა პეიჯმა.
ამავე დროს, სტრიმინგის სერვისები ზოგადად უფრო მეტს იხდიან მუსიკაში, ვიდრე კინოსტუდიები – განმარტა მან.