ავტომობილების საექსპორტო ბაზარი სტაბილურად მუშაობს. საქართველოდან მანქანები ძირითადად ისევ ყირგიზეთსა და ყაზახეთში გადის. ,,ავტო იმპორტიორთა ასოციაციაში’’ განმარტავენ, რომ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.
,,ბაზარი სტაბილურად ფუნქციონირებს. ავტომობილები გადის ექსპორტზე. იყიდება როგორც ექსპორტზე, ასევე შიდა ბაზარზე. ქართველი მომხარებლის მხრიდან მოთხოვნა არ შეცვლილა. ექსპორტს რაც შეეხება, ძირითადად ავტომობილები ისევ ყირგიზეთსა და ყაზახეთში გადის. ამ თვეში უფრო მეტი ყირგიზეთში გაიყიდა.’’- აცხადებს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ავტომობილებს, ყირგიზეთსა და ყაზახეთში ძირითადად შიდა წვის ძრავიანი ავტომობილები იყიდება. ელექტრომობილებზე მოთხოვნა დაბალია, რადგან ამ ქვეყნებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ აქვთ. დაბალია მოთხოვნა ჰიბრიდულ ავტომობილებზეც. ,,ავტო იმპორტიორთა ასოციაციის’’ გამგეობის თავმჯდომარეს ვკითხეთ, რა განაპირობებს ასეთ მოთხოვნას.
,,ჰიბრიდული ტიპის ავტომობილები არ გადის, რადგან მათ არ აქვთ კარგი ავტოსერვისი. არ ჰყავთ კვალიფიციური ხელოსნები, რომ ამ ტიპის ავტომობილები შეაკეთონ. ძირითადად ითხოვენ შიდა წვის ძრავიან მანქანებს. რაც შეეხება ბრენდებს, მოთხოვნაა მცირეწლოვან ჰიუნდაისა და ტოიოტაზე. ითხოვენ მაზდასაც, თუმცა უფრო ხშირად ტოიოტას და აუცილებლად უნდა იყოს შიდა წვის ძრავით.’’- აცხადებს ლაშა დარბაისელი.