რუსეთის რაკეტებმა, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ხარკივსა და ოდესაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა. კიევსა და მიკოლაივში კი, უამრავი დრონით განხორციელებული იერიშების შედეგად, ელექტროენერგია გაითიშა.
რუსეთი, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე წინ მიიწევს, ქვეყნის არაერთ, მისგან დაშორებულ ქალაქს რაკეტებითა და დრონებით უტევს, მათ შორის დაბალფასიანი, ე.წ. “თვითმკვლელი” დრონებით და ისეთი დრონებით, რომელთაგან უშუალო ზიანი შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ ისინი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ყურადღებას იპყრობს და მათზე დროსა და რესურსსაც ახარჯვინებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინისკენ 145 დრონი გაუშვა, რომელთაგან უკრაინამ 71-ის ჩამოგდება მოახერხა, 71-ის ადგილმდებარეობა კი უცნობია, რადგან ისინი რადარებიდან გაქრა. საჰაერო ძალების თქმით, ეს ალბათ იმ ელექტრონული საშუალებების გამო, რასაც რუსეთი მათ წინააღმდეგ იყენებს.
დედაქალაქის მცხოვრებლებს, გასულ ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში საიერიშო დრონების ძრავების ხმა ესმოდათ. ამას კი, დროდადრო, სროლის ხმა მოჰყვებოდა, რადგან საჰაერო თავდაცვის საშუალებებით მათ ჩამოგდებას ცდილობდნენ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის დასავლელ მოკავშირეებს რუსეთზე წნეხის გაზრდისკენ მოუწოდა, რათა მოსკოვმა იარაღის წარმოების თუ განახლებისთვის საჭირო სისტემები და მათი ნაწილები ვერ მიიღოს.
“უკრაინელთა სიცოცხლეზე ამ რუსული თავდასხმების შემცირება შესაძლებელია”, – თქვა მან. “წნეხით, სანქციებით, ოკუპანტებისთვის იმ კომპონენტებზე წვდომის დაბლოკვით, რასაც ისინი ტერორისთვის ინსტრუმენტების შესაქმნელად იყენებენ, უკრაინისთვის იარაღის პაკეტებით (მათი მიწოდებით) და სიმტკიცით, რომელიც ურყევი უნდა იყოს”, – თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხარკივში, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაშავდა და 40-ზე მეტი შენობა დაზიანდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი და ეროვნული პოლიცია იტყობინება. ქალაქ ოდესაშიც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და 10-მდე ადამიანი დაიჭრა. მოსკოვი გამუდმებით უარყოფს სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს, თუმცა გაეროს დადასტურებულად აქვს ცნობა რუსეთის თავდასხმების შედეგად, დაახლოებით, 12 ათასი უკრაინელის, სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ. კიევი ამბობს, რომ ეს მონაცემი გაცილებით დიდია.