უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს

უკრაინულმა დრონები ს ქალაქ კალუგაში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ქარხანა „ტაიფუნს“ დაესხნენ თავს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი, ანდრეი კოვალენკო იუწყება.
„კალუგაში თავდასხმა განხორციელდა ქარხანა „ტაიფუნზე“, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია“, – დაწერა კოვალენკომ „ტელეგრამზე“.
ამასთან, კალუგას ოლქის გუბერნატორმა, ვლადისლავ შაფშამ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 8 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მისივე ინფორმაციით, ადგილზე, სადაც უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოვარდა, ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ოთხ ოლქში 23 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 8 დრონი კალუგაში ჩამოაგდეს.