ქოხი.ჯიმ სარკისებური ფასადის მქონე სახლების მშენებლობა დაიწყო

ხის სახლების მწარმოებელმა კომპანიამ, ქოხი.ჯი-მ საქართველოში პირველად, უნიკალური სარკეებიანი სახლი დაამზადა, რომლის ფასადიც უმაღლესი სარკისებური შუშით არის მოპირკეთებული და ირგვლივ არსებულ გარემოს ირეკლავს. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დირექტორმა, მალხაზ უგრეხელიძემ უთხრა, აღნიშნული სახლი ქოხი.ჯი-ს მომხმარებლის შეკვეთით დამზადდა.მისივე თქმით ეს მიმართულება ძალიან თანამედროვეა და პოპულარულია ესტონეთში. ხოლო საქართველოში პირველი ასეთი ტიპის სახლი „ქოხი.ჯიმ“ დაამზადა.
„ქოხი,ჯი-ს აქვს როგორც თავისი პროექტებიც, ასევე ვაშენებთ ჩვენი მომხმარებლების მიერ შემოთავაზებულ პროექტებსაც, სარკეებიანი სახლი ჩვენი ერთ-ერთი კლიენტის სურვილით დავამზადეთ. ეს არის თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება, სარკეებიანი სახლები განსაკუთრებით პოპულარულია ესტონეთში, არის ესტონური და ევროპული კომპანიები, რომლებიც ევროპაში ასეთ სახლებს აშენებენ, საქართველოში პირველი სარკეებიანი სახლი კი დაამზადა ქოხი.ჯიმ.
ჩვენ მიერ დამზადებული სახლი, არის პრემიუმ კლასის, მაღალი კატეგორიის სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ცხვარიჭამიაში და რამდენიმე თვეა როგორც სასტუმრო, ისე ფუნქციონირებს.
ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა ამ პროექტს, თუმცა ეს რთულად შესასრულებელი კონსტრუქციაა, შესაბამისად სტანდარტულ კოტეჯებთან შედარებით ორჯერ ძვირი ჯდება, პირობითად თუ ჩვენი სტანდარტებით და ხარისხით აშენებული 1 კვადრატული მეტრი სახლის აშენება 500 დოლარი ჯდება, სარკისებურის შემთხვევაში, ეს თანხა 1000 დოლარია. ეს არის მთლიანად შუშა, გარეთ ორმაგი სარკეა, რომელიც გარემოს და მთებს ირეკლავს. გამომდინარე იქიდან, რომ ძვირად ღირებული პროექტია, ბევრი ვერ აშენებს, თუმცა მოთხოვნა არის, ამ კომპანიასაც აქვს გეგმა, რომ 10 ასეთი სახლი, საქართველოს მასშტაბით ტურისტულ ობიექტებზე განათავსოს.“ – აღნიშნა მალხაზ უგრეხელიძემ.