„როდესაც ყოველი მეოთხე მოსწავლე მშიერია ჩვენს ქვეყანაში და როდესაც პედაგოგებს ღირსეული ხელფასი არ აქვთ განათლების ხარისხზე საუბარი ზედმეტია,“ – ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელმა მარიამ კუკავამ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA-ს) უახლესი კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
„პროგრესის ცენტრის“ მდივანი განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ამბობს, რომ ასეთი მდგომარეობის გამო მასწავლებლებს არ ექნებათ მოტივაცია, რომ ყოფითი პრობლემებიდან გადავიდნენ მოსწავლეების აღზრდაზე.
„ჩვენთან განათლება არც წარმოებს, ჩვენ ვართ სხვა ქვეყნებში წარმოებული განათლების და მეცნიერების მომხმარებელი. ჩვენთან სიახლე არ წარმოებს.“- აღნიშნა მარიამ კუკავამ. მან წარმატებული განათლების რეფორმის მაგალითად ესტონეთი მოიყვანა და აღნიშნა, რომ წარმატებული განათლების სისტემის მქონე ქვეყნებს დიდი მიღწევებიც აქვს. მან Skype-ის პროგრამის შემქმნელებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი უმრავლესობა სწორედ ესტონელი იყო, სადაც ყველა პირობაა შექმნილი როგორც მოსწავლეებისთვის, ისე სტუდენტებისთვის, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ.
მარიამ კუკავა „აწარმოე საქართველოს“ მიერ დაფინანსებულ პროექტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პროგრამით ძირითადად ისეთი მსხვილი კომპანიები ფინანსდებიან, რომლებსაც განვითარებისთვის მსგავსი დახმარება არ სჭირდებათ. მისი თქმით, ასეთი პლატფორმები უნდა იყოს უფრო ახალგაზრდებისთვის, ახალი სტარტაპებისთვის და ასე შემდეგ. მარიამ კუკავას თქმით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ინფრასტრუქტურაც, არსებობენ სკოლები, სადაც მოსწავლეები მისვლას უგზოობის გამო ვერ ახერხებენ.
მარიამ კუკავამ რეიტინგში აზიური ქვეყნების ლიდერობაც შეაფასა და იაპონიის მაგალითზე ისაუბრა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ მხრივ დიდი ნახტომი გააკეთა. მისი თქმით, იაპონია ამ წარმატების მიზეზად ღირსეულ პედაგოგებს ასახელებს. როგორც მარიამ კუკავამ აღნიშნა, ღირსეული პედაგოგების ნაკლებობას არც საქართველო განიცდის, თუმცა თუ ამ პედაგოგებს არ ექნებათ ღირსეული პირობები, ხელფასი თუ ღირსეული ინფრასტრუქტურა, მხოლოდ მათი ძალისხმევა სისტემის განვითარებისთვის არ იქნება საკმარისი.
„ამ ქვეყნების განვითარების მოდელი არის ის, რომ ყველანაირი პირობები შეექმნას განათლებას,“ – აღნიშნა მარიამ კუკავამ.
მარიამ კუკავას თქმით, განათლება ძირითადად დაფუძნებული უნდა იყოს ანალიტიკაზე და სწავლების მთელ ნაწილს არ უნდა იკავებდეს მხოლოდ მასალის დაზეპირება, რაც საქართველოში პირიქითაა.