განახლებადი ენერგიის საინვესტიციო გარემო საქართველოში – ინტერვიუ მაია მელიქიძესთან

საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. ჩვენი ქვეყანა მდიდარია როგორც ჰიდროს, ასევე ქარისა და მზის ენერგიების მოპოვებისა და გენერირების მიმართულებით. ბოლო პერიოდში ასევე აქტუალური გახდა ბიო მასისგან მიღებული ენერგიის მოპოვება.
,,GREDA’’ განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით 2017 წლიდან მუშაობს. ,,კომერსანტი’’ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს მაია მელიქიძეს ესაუბრა და მას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შეფასება ვთხოვეთ.
,,საქართველო ნამდვილად არის მდიდარი განახლებადი ენერგოწყაროებით. ყველა ინვესტორს აინტერესებს, შეძლებს თუ არა გენერირებული ან წარმოებული პროდუქტის გაყიდვას ქვეყანა. საქართველოს ეს მაჩვენებელი საკმაოდ მომხიბვლელი აქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენთან მოთხოვნა-მიწოდება ერთმანეთთან კორელაციაში არ არის, ანუ ადგილობრივი მოთხოვნა გვაქვს საკმაოდ მაღალ დონეზე. ამასთან, საექსპორტო პოტენციალი თურქეთში, სომხეთში საკმაოდ მიმზიდველი გვაქვს. გასათვალისწინებელია ის შესაძლებლობები, რომელიც აქვს ქვეყანას შიგნით რეგულაციების თვალსაზრისით. ჩატარდა უკვე პირველი და მეორე CFD აუქციონი. ახლა არის შესაძლებლობა, რომ პირდაპირი სახით გაფორმდეს ხელშეკრულებები და მემორანდუმები. მეორე CFD აუქციონმა დაადგინა მზეზე, ჰიდროზე და ქარზე ტარიფები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მზეზე საკმაოდ მომხიბვლელია ტარიფი. ჰიდროს თვალსაზრისით, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ინვესტორები ამბობენ, რომ უფრო უკეთეს ტარიფს ელოდნენ. ეს შესაძლებლობა, რომ პირდაპირი სახით გაფორმდეს ხელშეკრულება სახელმწიფოსთან აქამდე მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებდა. თარიღმა 2025 წლის 28 თებერვლამდე გადაიწია. გაიზარდა ვადა და ბუნებრივია, ინვესტორს უფრო მეტი პერიოდი აქვს იმისათვის, რომ დადოს ხელშეკრულება სახელმწიფოსთან. სახელმწიფო აქამდე საბანკო გარანტიას ითხოვდა წინასამშენებლო ეტაპზე. ეს ბარიერი მოიხსნა. დღეს უკვე საბანკო გარანტია არ მოითხოვება წინა კვლევით და სამშენებლო ეტაპზე, არამედ იმ მომენტში, როდესაც უკვე უნდა დაიწყოს მშენებლობა. ამას ემატება ისიც, რომ 2024 წლის 1 ივლისს ენერგეტიკული ბირჟა გაიხსნა. ეს იყო პირველი ნაბიჯი, მაგრამ სავალდებულო არ გახლავთ. ეს არის ნებაყოფლობითი და 2025 წლის 1 ივლისიდან უკვე პრემიერის განკარგულებით, ამ ყველაფერს დაემატება საბალანსო ბაზარი. ინვესტორებს ყოველთვის უფრო ხიბლავთ ბირჟა. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ყალიბდება ფასი. ამ გზით განსაზღვრული, ფასი გამჭვირვალე, ობიექტური, სამართლიანი და კონკურენტულ უნარიანია. რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.’’- აცხადებს ,,საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის’’ აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.
GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველი გარემო შეიქმნა, თუმცა გამოწვევად რჩება ბიუროკრატია, რომელიც პროცესების სწრაფად წარმართვას აფერხებს. მაია მელიქიძე განმარტავს, რომ ხშირად ინვესტორები არსებულ კითხვებზე პასუხებს დროულად ვერ იღებენ, რადგან მათ რამდენიმე უწყებასთან უწევთ კომუნიკაცია. თუმცა ამ პრობლემას ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის’’ ინიციატივა მოაგვარებს, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპის შემოღებას ითვალისწინებს.
,,ნამდვილად აქვთ სურვილი ინვესტორებს, რადგან პოტენციალს ხედავენ. მთავარია, რომ ავაჩქაროთ ეს პროცესი და მეტი კომუნიკაცია გვქონდეს მათთან და მათ დასმულ კითხვებზე სწრაფად მოხდეს პასუხის გაცემა და ბიუროკრატია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. პრობლემაა, რომ დროულად ვერ იღებენ პასუხს. ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი წამახალისებელი მექანიზმი არსებობდეს ინვესტორისთვის, იმისთვის რომ შეთანხმდეს მემორანდუმები, რომლებიც გაფორმებულია აშენდეს და ამასთანავე დამატებით შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტიცია. ინვესტორისთვის შემაფერხებელი ფაქტორი გახლავთ ის, რომ რამდენიმე უწყებასთან პარალელურ რეჟიმში უწევს მუშაობა. დროში ეს ყველაფერი ძალიან იწელება, თუმცა ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს’’ აქვს ახალი ინიციატივა ერთი ფანჯრის პრინციპთან დაკავშირებით, რომელსაც კერძო სექტორს უახლოეს პერიოდში გააცნობს. ერთი ფანჯრის პრინციპი მოემსახურება ბიუროკრატიის შემცირებას. დააკავშირებს მხარეებს ერთმანეთთან, უზრუნველჰყოფს საჭირო ინფორმაციის გაციფრულებას და აჩვენებს რეალურად ინვესტორს გასავლელ გზას. როდიდან ამოქმედდება ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, რადგან ამას თავად ფონდი გააჟღერებს, რომელიც მართავს ამ პროცესს.’’- აცხადებს მაია მელიქიძე.
საინვესტიციო გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, რომლებიც ხშირად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. მაია მელიქიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად GREDA-მ კანონპროექტი შეიმუშავა. დოკუმენტი უკვე განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მოიწონა. ინიციატივას ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროების მხრიდან თანხმობა სჭირდება, რათა დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნოს. მაია მელიქიძემ ჩვენთან, საკანონმდებლო ინიციატივის არსი განმარტა.
,, GREDA-ს საკანონმდებლო ინიციატივა ამბობს, რომ სარგებელს, რომელსაც აგენერირებს ინვესტორი გაუნაწილებს ზეგავლენის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას. მსგავსი მიდგომა გატესტილი იქნა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი მხრიდან ძალიან დადებითი დამოკიდებულება გამოვლინდა. ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კანონის მიღება ამ პრობლემას მოაგვარებს. ასეთი პრაქტიკა გამოიყენეს ნორვეგიაში. ნორვეგია იყო ის ქვეყანა, რომელიც გამოირჩეოდა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტებით და ბუნებრივია ამ იდეოლოგიის პირდაპირ გადმოტანა არ მომხდარა, მაგრამ კონცეფცია, რომელიც მათ პრაქტიკაში უკვე დანერგეს და ახორციელებენ, მოვარგეთ ჩვენს რეალობასა და მოცემულობას.’’- აცხადებს მაია მელიქიძე.
საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი აქვთ მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებს. ინვესტიციების განხორციელების სურვილი სომეხმა და აზერბაიჯანმა ინვესტორებმა უკვე გამოთქვეს. საერთაშორისო დონეზე კი ქვეყნით ევროპელები ინტერესდებიან.
,,საქართველოთი მეზობელი სომეხი ინვესტორები არიან დაინტერესებული, ძალიან სერიოზული ინტერესი აქვთ თურქებსაც. მთავარი ინტერესის სფერო უფრო მზის ენერგია იყო. 2024 წლის ივლისში გვქონდა კონფერენცია, სადაც დაინტერესება გამოხატეს ევროპელმა ინვესტორებმაც. მე არ გამოვრიცხავ, რომ გაერთიანებული საამიროებიდანაც წამოვიდეს ინტერესი, რადგან ჩამოდიან და აკვირდებიან ვითარებას.’’- აცხადებს მაია მელიქიძე.