მცხეთაში, 2024 წლიდან ხანდაზმულ პირთა ზრუნვის ცენტრი “ლელიანი” ამოქმედდება

მსოფლიოსა და საქართველოში მოსახლეობის ღირსეულად დაბერების საკითხი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ასაკის მატებასთან ერთად კი ხანგრძლივი მოვლის საჭიროებაც იზრდება და თუ ის 60-წლამდე ადამიანებისათვის 0.6%-ია, 80 წელს ზემოთ ხანდაზმულებისთვის 28.3%-ს აღწევს. ამ გამოწვევის საპასუხოდ ქალაქ მცხეთაში ოჯახური ტიპის სამედიცინო-სოციალური ზრუნვის 24-საათიანი დაწესებულება “ლელიანი” 2024 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
“სამწუხაროდ, დღესდღეობით ხანდაზმული ადამიანები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაცულ ჯგუფს წარმოადგენს (მოწყვლადობა კიდევ უფრო მაღალია მათ შორის, ვისაც აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, კერძოდ: დემენცია, კოგნიტური დარღვევები, კომუნიკაციის პრობლემები და სხვადასხვა ფსიქოსოციალური საჭიროებები).
სწორედ ღირსეული მოვლის და სახლში ყოფნის განცდის შესაძლებლობას მისცემს ერთდროულად 50 ადამიანს “ლელიანი”, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შენდება და 2024 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას”, – განმარტავენ კომპანია “სენიორ ქეარ ცენტრში”.
“ლელიანი” რეზიდენტულ, საექთნო და პალიატიურ მომსახურებას 60 წელს გადაცილებული პირებისთვის გააერთიანებს. გარდა ამისა, 2024 წლის სექტემბრიდან, “ლელიანი” ზრუნვის საჭიროების მქონე პირებს ბინაზე მოვლასაც შესთავაზებს.
როგორც BMG-ის კომპანიაში განუმარტეს, საქართველოში მსგავსი ტიპის, მოვლის მაღალი სტანდარტები ჯერ არ არსებობს, ხანდაზმული პირებისათვის მსგავსი სერვისის საჭიროება არსებობს და გამოხმაურებაც, სავარაუდოდ, მაღალი ექნება.
მცხეთაში “ლელიანის” ინფრასტრუქტურა უკვე 5 თვეა ეწყობა და მისი საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონ ლარს აღწევს. რაც შეეხება მათი სერვისებით სარგებლობის საფასო კატეგორიას, ის 3 000-დან 3 300 ლარამდე ეღირება და სამჯერად კვებას, მასაჟსა და სხვა ბენეფიტებს მოიცავს.