ADB-იმ საქართველოზე ადგილობრივ ვალუტაში პირველი სუვერენული სესხი გასცა

“ეს პროგრამა ხელს უწყობს უთანასწორობის შემცირებას და აძლიერებს ეკონომიკას პროფესიულ განათლებაზე მოსახლეობის წვდომის გაუმჯობესებით რეგიონული ცენტრებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში,” – ასე აფასებს აზიის განვითარების ბანკის (ADB-ის) სოციალური საკითხების სპეციალისტი მამატკალილ რაზაევი 68,198,000 ლარის სესხს, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს პროფესიულო განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის დაამტკიცა.
რაზაევის შეფასებით, კერძო სექტორის სტრუქტურული ჩართულობა ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის მართვაში ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, მრავალმხრივ ეკონომიკურ განვითარებას და კურსდამთავრებულთა დასაქმებას.
68,198,000 მილიონი ლარის (25 მილიონი დოლარის ექვივალენტი) საბიუჯეტო სესხი საქართველოში მიმდინარე ADB-ის პროგრამის — თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის — მეორე ქვეპროგრამაა.
პირველი ქვეპროგრამა 2020 წელს დამტკიცდა.
ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში გატარებულ ღონისძიებებს აფასებს:
“მთავრობის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს შორისაა პროფესიული განათლების სტრატეგია 2024-2030-ის მიღება, რომელიც გენდერისა და კლიმატის კომპონენტებს შეიცავს; ასევე განსაზღვრას პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ჩარჩოს, რაც პროფესიული სტანდარტების, განვითარებისა და კარიერული წინსვლის კრიტერიუმებს ადგენს კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით. პროგრამამ ინსტიტუციური სახე მისცა პროფესიული განათლების დაწესებულებებისა და ბიზნესის თანამშრომლობას, რასაც მართავს ახლადშექმნილი უნარების სააგენტო. სააგენტოს თანაბარი რაოდენობის საჯარო მოსამსახურეებისა და კერძო მეწარმეებისგან შემდგარი დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო მართავს,” – წერია ფინანსურიო ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აზიის განვითარების ბანკში ფიქრობენ, რომ პროფესიული პროგრამების წახალისებით იმ რეგიონების სკოლებში, სადაც პროფესიული კოლეჯები არ არის, პროექტი ხელს უწყობს შესაძლებლობების გაზრდას სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოწყვლადი მოსახლეობისთვის. ეს ასევე გააძლიერებს ქალებს დასაქმებასა და განათლებაზე მათი წვდომის გაუმჯობესებით. პროგრამა სოციალური და კლიმატის მხრივ მოწყვლად თემებში მცხოვრებ სტუდენტებს აღჭურვის კლიმატის ცვლილების პირობებში აუცილებელი თანამედროვე ცოდნითა და უნარებით.
ქვეპროგრამა 2-ის დაფინანსება ADB-ის ადგილობრივ ვალუტაში გაცემული პირველი სუვერენული სესხია. პროგრამა თანხვედრაშია საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიასთან, რომლის მიზანია გაზარდოს ადგილობრივ ვალუტაში აღებული სახელმწიფო ვალის წილი. ეს გააუმჯობესებს ეკონომიკის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 69 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.