უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, 21 ნოემბერს რუსებმა ქალაქ დნიპროს მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. „უკრაინსკაია პრავდას“ წყაროების თანახმად, ეს, სავარაუდოდ, „რს-26 რუბეჟ“-ის (РС-26 „Рубеж“) მოდელის საშუალო სიშორის რაკეტაა. რა სახის იარაღია ის და შეუძლია თუ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვას მისი ჩამოგდება? – ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Suspilne) მოგვითხრობს.
რას წარმოადგენს ეს რაკეტა?
„რს-26 რუბეჟი“ საშუალო სიშორის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაა, რომელსაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლია. რუსეთმა მისი სრულყოფა 2000-იანი წლების შუა ხანებში, მსგავსი საბჭოთა რაკეტა „პიონერის“ ბაზაზე დაიწყო. რაკეტა მოსკოვის თერმული ინჟინერიის ინსტიტუტში შეიქმნა, სადაც ამ კლასის რამდენიმე სხვა რაკეტაც შემუშავდა, როგორიცაა, მაგალითად, „ტოპოლი“. „რუბეჟი“, ისევე როგორც „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტები, ვოტკინსკის მანქანათმშენებელ ქარხანაში იწარმოება.
როგორც უკრაინული სამხედრო პორტალი Defense Express იუწყება, „რს-26 რუბეჟ“-ის ტექნიკური მახასიათებლების უმეტესობა უცნობია, გარდა იმისა, რომ 50 ტონამდე იწონის, აქვს 6000 კილომეტრამდე დიაპაზონი და აღჭურვილია ოთხი ქობინით, რომელთაგან თითოეული 0,3 მეგატონის სიმძლავრისაა.
ამ რაკეტის პირველი საცდელი გაშვება 2011 წელს მოხდა. 2018 წელს ის რუსეთის არმიის შეიარაღებაში უნდა შესულიყო, მაგრამ მოგვიანებით ამ თარიღმა სავარაუდოდ 2027 წლისთვის გადაიწია. შეიძლება ასევე ვივარაუდოთ, რომ ის ჯერ კიდევ სრულყოფის პროცესშია. თუმცა, როგორც Defense Express მიიჩნევს, რუსებს მეტ-ნაკლებად სწრაფად შეუძლიათ მისი სერიული წარმოების დაწყება.
„რუბეჟის“ მიერ დნიპროს დაბომბვამდე რამდენიმე დღით ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ამ რაკეტის მორიგ საცდელ გაშვებას ასტრახანის ოლქში არსებული „კაპუსტინ იარის“ პოლიგონიდან გეგმავდა. თუმცა, თუ ამ რაკეტით დნიპროს დაბომბვის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, მაშინ გამოდის, რომ რუსეთის არმიამ განახორციელა არა საცდელი გაშვება, არამედ პირდაპირი საბრძოლო გასროლა.
როგორ შეიძლება მისი შეჩერება?
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, იგორ რომანენკო განმარტავს, რომ კიევამდე მისაღწევად „რს-26 რუბეჟ“-ს 8-10 წუთი სჭირდება. ამ რაკეტას მანევრირება შეუძლია, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ მის ჩამოგდებას ართულებს. მისი გაშვება მობილური გამშვები დანადგარიდანაც შეიძლება, რომელთა აღმოჩენა გაშვების ეტაპზე კიდევ უფრო რთულია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ოფიცერმა და ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ცენტრის ანალიტიკოსმა, სამხედრო ექსპერტმა ივან სტუპაკმა NV Radio-ს ეთერში განაცხადა, რომ თავდასხმის დროს რაკეტა რამდენიმე ქობინად იყოფა, ანუ, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე უნდა გაუვნებელყოფდეს, თუ ეს მის გახსნამდე არ გაკეთდა.
სამხედრო ექსპერტი პაველ ნაროჟნი მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელთ არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები ვერ შეძლებენ, „რს-26 რუბეჟ“-ს ფრენის ადრეულ ეტაპებზე, ზედა ატმოსფეროში მისწვდნენ. ეს საჭიროებს THAAD სისტემებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნია. ამასთან, „რუბეჟის“ ქობინებს ამერიკული საზენიტო სარაკეტო კომპლექს ЗРК Patriot-ის განადგურებაც შეუძლიათ.
Defense Express-ის ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ ჯერ ერთი, „რუბეჟის“ განეიტრალება ასაფეთქებელი მუხტით (და არა ბირთვული მუხტით) ძალიან ძნელია და მეორე, – ჩვეულებრივი მუხტის გადასატანად ამ რაკეტის გამოყენება ძალიან ძვირი ჯდება. მითუმეტეს, რომ „ისკანდერის“ რაკეტები არანაკლებ ეფექტურად უმკლავდებიან ამ ამოცანას. ამიტომ, სამხედრო პორტალი მიიჩნევს, რომ „რუბეჟის“თავდასხმა დნიპროზე უფრო იმის დემონსტრირება იყო, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაც შეეძლო. უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ტერიტორიას საცდელ პოლიგონად იყენებს. „დღეს ახალი რუსული რაკეტა ისროლეს. ექსპერტიზები გრძელდება. ყველა მახასიათებელი – სიჩქარე, სიმაღლე – იმაზე მეტყველებს, რომ ის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა იყო… აშკარაა, რომ პუტინი უკრაინას პოლიგონად იყენებს. მას ეშინია, როცა მის გვერდით ადამიანები ნორმალურად ცხოვრობდნენ. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეზობელი ხლართებიდან არ გაექცეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
წყარო: 1 არხი