მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს

წმინდა გიორგისთვის ჭეშმარიტი გზა და ცხოვრება იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან სხვა გზა არც იცოდა, მას არც სურდა სხვა გზით სიარული და ამიტომ დიდი სიმტკიცითა და სიმამაცით შეუდგა ქრისტეს გზას. ამიტომაც გვიყვარს და ვეთაყვანებით მას“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
მიტროპოლიტის თქმით, „წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის დიდი მაგალითები არიან ჩვენთვის; უნდა ვეცადოთ, მივბაძოთ მათ ამაში, ამისთვის ვართ მოწოდებულნი. ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს“.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ -ის მოლოცვას და კურთხევას.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წმინდა სახარებიდან წაკითხული იყო მაცხოვრის სიტყვები: „თქვენ რომ სოფლისანი ყოფილიყავით, სოფელს ეყვარებოდა თავისიანები და რაკი თქვენ არ ხართ სოფლისანი, არამედ მე გამოგირჩიეთ სოფლიდან, ამიტომ სძულხართ სოფელს. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას. ჩემი სიტყვა თუ დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ“ (ინ. 15, 19-20). ეს სიტყვები არ ითქვა მხოლოდ მოციქულებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ხშირად მაცხოვარი თავის „მცირე სამწყსოს“ (ლკ. 12, 32) უწოდებდა. ამ მცირე სამწყსოში იგულისხმება ყველა, ვინც ირწმუნა იესო ქრისტე, ვინც გულით მიიღო მისი მცნებები და ვინც ცხოვრობს ამ მცნებებით.
ამ მცირე სამწყსოში ვარსკვლავებივით გამოირჩევიან წმინდა მოწამეები, ხოლო მოწამეებს შორის განსაკუთრებულად ბრწყინავენ დიდი მოწამეები, რომლებმაც განსაკუთრებით საშინელი წამება დაითმინეს, რომელთა ღვაწლს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის.
აი, სწორედ ასეთი გახლავთ წმინდა დიდი მოწამე გიორგი, რომლის ხსენებასაც დღეს აღვნიშნავთ.
წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის დიდი მაგალითები არიან ჩვენთვის; უნდა ვეცადოთ, მივბაძოთ მათ ამაში, ამისთვის ვართ მოწოდებულნი. ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს. როგორც ამბობს წმინდა დავით წინასწარმეტყველი: „მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში“ (ფს. 52, 6). წმინდა მოწამეებს არაფრის და არავისი არ ეშინოდათ, ვერავინ და ვერაფერი მათ ვერ აბრკოლებდა.
როგორც იცით, იმპერატორ დიოკლეტიანეს, რომელმაც შემდეგ აწამა წმინდა გიორგი, ძალიან უყვარდა იგი და აფასებდა მას, როგორც საუკეთესო და დიდებულ მეომარს, მხედართმთავარს, მაგრამ როდესაც ნახა, რომ უმძიმესი წამებით ვერ გატეხა მასში რწმენა, იქამდეც კი მივიდა, რომ შესთავაზა, თუ წარმართულ ღმერთებს მსხვერპლს შესწირავდა, თავის დიდ რომის სამეფოში მეორე კაცად გახდიდა. რა თქმა უნდა, წმინდა გიორგის ამ წინადადებაზე მხოლოდ გაეცინა და უარყო ეს პატივი, რადგან მისი ქრისტესადმი რწმენა ადამანტზე უფრო ძლიერი იყო, მისი სიყვარული უფლისადმი კი – უსაზღვრო.
მას არაფრის არ ეშინოდა, როგორც გითხარით. მისი ღვაწლი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის წყალობაც განსაკუთრებული იყო მასზე. ეს გამოვლინდა იმით, რომ თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა მას, აკურთხა, გაამხნევა და ახარა ცათა სასუფეველში შესვლა. მას არ ეშინოდა არაფრის, არანაირი მუქარის. დავფიქრდეთ: ჩვენ, უძლურ ქრისტიანებს, გვაქვს კი ასეთი განწყობა, როდესაც გვემუქრება რაიმე საშიშროება ან სიმძიმილი? – არ გვაქვს, იმიტომ რომ გვავიწყდება მაცხოვრის სიტყვები: „ვინც უარმყოფს მე წინაშე კაცთა, მეც უარვყოფ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე“ (მთ. 10, 33). განა ჩვენ უფრო მეტად არ ვეძიებთ ამ წარმავალი წუთისოფლის სიკეთეებს, ვიდრე მარადიულ სიკეთეებს? განა ჩვენ გვახსოვს მაცხოვრის სიტყვები: „მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება“? (ინ. 14, 6); შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ მიზნად ვისახავთ სწორედ ამ გზით სიარულს, რომელიც უფალმა დაგვიდგინა?
აი, წმინდა გიორგისთვის ჭეშმარიტი გზა და ცხოვრება იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან სხვა გზა არც იცოდა, მას არც სურდა სხვა გზით სიარული და ამიტომ დიდი სიმტკიცითა და სიმამაცით შეუდგა ქრისტეს გზას. ამიტომაც გვიყვარს და ვეთაყვანებით მას და წმინდა მოწამეებს, საერთოდ. ამიტომაც აღასრულებენ მათი წმინდა ნაწილები ამდენ კურნებას და ამდენ სასწაულს.
ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს აღვნიშნავთ კიდევ ერთ შესანიშნავ მოვლენას. დღეს გავიდა ზუსტად 20 წელი კურთხევიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძრისა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. მინდა, თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო წმინდა გიორგობაც, ამ ტაძრის კურთხევის 20 წლისთავიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, ურთულეს ათწლეულებში, მოგვივლინა ასეთი ბრძენი და სულიერი საჭეთმპყრობელი და მადლობა ვუთხრა მას ამ დიდი ღვაწლისთვის, ამ შესანიშნავი ტაძრის აღშენებისთვის, რომელიც არის მისი დიდი მოღვაწეობის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაყოფი და გამოვლინება. მრავალჟამიერ ყოფილიყოს მისი სიცოცხლე და მამამთავრობა!
ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ს წვლილი, რომლის მონაწილეობამაც, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის ლოცვით, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, წმინდა გიორგის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო, ამინ“,- განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას