დღეს აქ, [„ვივამედთან“] იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ერთმანეთს და საქართველოს მოქალაქეებს გიორგობა, „ვარდობის რევოლუციის“ 21 წლის თავი მივულოცოთ და კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 15:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
„ვარდების რევოლუცია“ საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე იყო, როცა ქართველმა ხალხმა პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით განვითარების პერსპექტივა დაიბრუნა, როდესაც მომავალმა აჯობა საბჭოთა წარსულს, ჭაობს და დაგვარწმუნა, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, როცა ვერთიანდებით. ეს არის ის დღე, რომელმაც ახლაც უნდა მოგვცეს რწმენა, რომ ჩვენ კვლავ შეგვიძლია ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ამისთვის, აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი – „ვარდების რევოლუციის“ მთავარი შემქმნელი ქართველ ხალხთან ერთად, თავისუფლებაზე იყოს და არ იდევნებოდეს სწორედ „ვარდების რევოლუციის“ იდეისა და მიღწევების გამო, რომელმაც საქართველო შეუმდგარი სახელმწიფოდან თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოდ აქცია. ამიტომ შევიკრიბეთ დღეს აქ, იმისთვის, რომ ერთმანეთს და საქართველოს მოქალაქეებს გიორგობა, „ვარდობის რევოლუციის“ 21 წლის თავი მივულოცოთ და კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი როლი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელსაც ექსკლუზიური, კონსტიტუციური უფლება აქვს, პრეზიდენტი სააკაშვილი შეიწყალოს. მესმის, რომ ამის შიშით, ხელისუფლებამ პრეზიდენტ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რაც უპრეცედენტოა, მაგრამ ამის მიუხედავად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განაცხადი პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების სახით, ძალიან მნიშვნელოვანი დასტური იქნება, რომ ის, დიახ, თითოეულ ქართველთან, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, ყველა ღონით, მის ხელთ არსებული ყველა ძალით იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
ახლა ვიმყოფებით „ვიმამედთან“, რომელსაც გამომწყვდეული ჰყავს პუტინის პირადი პატიმარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სწორედ „ვარდების რევოლუციის“ იდეის და მემკვიდრეობის გამო, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კარი ევროპისკენ გაუხსნა, ეს არის სოლიდარობის აქცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. შემდეგ შევუერთდებით აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე იქნება აქცია ხვალ. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, აქტიურობა, მუდმივი პროტესტი იმისთვის, რომ მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ, რომ ერთის მხრივ, როცა ისინი არ აღიარებენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს, არც ჩვენ ვეგუებით მიტაცებული არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.